ჩვენ გვაქვს უმთავრესი ამოცანა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპი დავაჩქაროთ და ამას ემსახურება მათ შორის ის კრედიტებიც, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო იღებს,- ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის კრიტიკას, რომლებიც აცხადებენ, რომ 2012 წლიდან დღემდე საგარეო ვალი ძალიან არის გაზრდილი.
"ეკონომიკური პოლიტიკა არის კომპლექსური მოვლენა. ჩვენ გვაქვს უმთავრესი ამოცანა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპი დავაჩქაროთ და ამას ემსახურება მათ შორის ის კრედიტებიც, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო იღებს. მთავარია, რომ კომპლექსურად ჩვენ არ დავუშვათ შეცდომები და მაქსიმალურად წარმატებული ვიყოთ ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკაში. ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი რეგიონში, რაც იმის მაჩვენებელია, რომ მთლიანობაში ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა წარმატებულია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.