კახეთში სეტყვისგან დაზარალებული მოსახლეობის ყურძნის გადამუშავება დასრულდა

კახეთში სეტყვისგან დაზარალებული მოსახლეობის ყურძნის გადამუშავება დასრულდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსის ანდრო ასლანიშვილის ინფორმაციით, სულ სეტყვისგან დაზიანებული 1,1 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული.

„ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტში 18 აგვისტოს მომხდარი სტიქიის შედეგად, რამდენიმე სოფლის 500-მდე ჰექტარი ვენახი დაზიანდა. შექმნილი ვითარების გამო, ქალაქ თელავში რთველი 2018-ის საკოორდინაციო შტაბში ოპერატიულად დაიგეგმა ღონისძიებები იმ ფერმერების დასახმარებლად, ვისაც მოსავალი დაუზიანდა და ვენახები დაზღვეული არ ჰქონდა. დასეტყვილი ყურძნის ჩაბარების შესაძლებლობა მოსახლეობას სტიქიიდან მეორე დღესვე მიეცა და მთელი ეს პროცესი შეფერხების გარეშე მიმდინარეობდა“,- განაცხადა რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა ანდრო ასლანიშვილმა.

რთველი 2018-ის საკოორდინაციო შტაბი ოფიციალურად 20 აგვისტოს გაიხსნა. ამ დროისთვის შტაბში 45 კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩაერთვებიან. რთველის მიმდინარეობის დროს შტაბი 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს.

ყურძნის კრეფა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან დაიწყება და, ეტაპობრივად, მთელს კახეთს მოიცავს.