თბილისში აბრების ნებართვის გარეშე განთავსება დასჯადი ხდება - ჯარიმის მოცულობა 1000-დან 6 000 ლარამდეა

თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა და გარე რეკლამის განთავსება შესაბამისი ნებართვის გარეშე დასჯადი ხდება.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, დედაქალაქში რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. რეკლამის განთავსება შესაბამისი ნებართვის გარეშე კი გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, რასაც მოჰყვება უკანონო გარე რეკლამის საშუალების კონფისკაცია.

იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების დარღვევა დადგენილ ვადაში ვერ აღმოიფხვრა, ჯარიმა გასამმაგდება.

ამასთან, კოდექსს ემატება რეკლამის განთავსებაზე კიდევ რამდენიმე მუხლი. კერძოდ, თბილისში რეკლამის დაკვეთისათვის, წარმოებისა და გავრცელებისათვის დადგენილი წესების დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას − 3 000 ლარის ოდენობით. ერთი წლის განმავლობაში ჩადენილ განმეორებით ფაქტზე ფიზიკური პირი 5 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი − 7 000 ლარით.

დასჯადი ხდება აბრის განთავსებაც. ამ შემთხვევაშიც ფიზიკური პირი 1 000 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირი 3 000 ლარით. ერთი წლის განმავლობაში ჩადენილი იგივე ქმედების გამო კი ფიზიკურ პირს 2 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრება, იურიდიულს კი 6 000-ლარიანი.

დასჯადი ხდება არასათანადო რეკლამის განთავსებაც. აქაც პირველ ჯერზე ჯარიმა იურიდიული პირისთვის 3 000 ლარს შეადგენს, ფიზიკურზე - 1000 ლარს. განმეორებითი იგივე ფაქტის ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას − 6 000 ლარის ოდენობით.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული აღნიშნული ცვლილებები უკვე ამოქმედდა. 28 აგვისტოდან იმ პირის მიმართ, რომელიც რეკლამის განთავსების შესახებ წესებს დაარღვევს, საჯარიმო სანქციები გატარდება.