შესაბამისი ნებართვის გარეშე სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით პროდუქტს ვერ გაყიდიან. იმის ნაცვლად, რომ გლეხებს პროდუქციის გაყიდვაში დაეხმარონ, რეალიზაციის პირობებს ართულებენ.
სატრანსპორტო საშუალებით გარე ვაჭრობა 1000 ლარით ჯარიმდება. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, უფლებადამცველები ამბობენ, რომ ამით სოციალური ფონი დამძიმდება და შესაძლოა, პროდუქტიც კიდევ უფრო გაძვირდეს.
როგორც გუშინ გახდა ცნობილი, თბილისის ტერიტორიაზე შესაბამისი ნებართვის გარეშე გარე ვაჭრობის შემთხვევაში ჯარიმა 50 ლარამდე გაიზარდა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის აქამდე მოქმედი ნორმის მიხედვით, ჯარიმის მოცულობა 20 ლარს შეადგენდა. ამასთან, მოხდება სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციაც. ახალი ცვლილება დღეიდან ამოქმედდა.
კოდექსის მიხედვით, 4-ჯერ იზრდება შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა. თუ აქამდე, დამრღვევ პირზე ჯარიმა შეადგენდა 50 ლარს, დღეიდან ის 200 ლარამდე გაიზარდა. კოდექსი ასევე ითვალისწინებს კონფისკაციას ან 7-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გარევაჭრობასთან დაკავშირებით კიდევ ერთი ჩანაწერი ჩნდება. კერძოდ, თბილისში შესაბამისი ნებართვის გარეშე სატრანსპორტო საშუალების, მასზე მისაბმელის ან ნებისმიერი სხვა მოძრავი საშუალების გამოყენებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის (შესაბამისი საქონლის) კონფისკაციით. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი სამართალდამრღვევი პირის მიმართ ჯარიმის ოდენობა 2000 ლარამდე იზრდება.
უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი ვარაუდობს, რომ ახალი რეგულაციის გამო ქვეყანაში სოციალური ფონი კიდევ უფრო დამძიმდება. ის არ გამორიცხავს, რომ მსგავსი სანქციების დაწესებით ბაზარზე კონკურენცია შესუსტდეს.
„სირცხვილია 1000 ლარიანი ჯარიმის დაწესება გაჭირვებული ხალხისთვის, როცა ვხედავთ, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტის გასაღების არანაირი ბაზარი არ გვაქვს. სხვა ალტერნატივა გლეხებს არ რჩებათ გარდა იმისა, რომ ტრანსპორტით ჩამოიტანონ პროდუქტი და ქალაქში გაასაღონ. სწორედ ამას კრძალავს მერია, რითაც ხალხს არსებობის საშუალებას უსპობს. არნახულად მაღალი სანქციაა, ამაზე მეტი ეგზეკუცია ამ პერიდში წარმოუდგენელია. საბოლოოდ, იმდენს გააკეთებენ, რომ მოსახლეობას უსახსროდ დატოვებენ, რადგან ვერ გაყიდიან მოსავალს, რომლის მოსაყვანადაც ბევრს საბანკო სესხი აქვს აღებული. სახელმწიფო ასე რომ ექცეოდეს საკუთარ მოქალაქეებს და პროდუქციის გაყიდვაში ხელს უშლიდეს, დანაშაულებრივი პოლიტიკაა. ბაზარს ლობირებენ მონოპოლისტები, რომლებიც თავიანთ პროდუქციას ძვირად ასაღებენ სუპერმარკეტებში და არ უნდათ ბაზრებში კონკურენტი ჰყავდეთ. ცხადია, ამით ქვეყანაში სოციალური ფონი კიდევ უფრო დამძიმდება. ისედაც მძიმე ვითარებაა ქვეყანაში შექმნილი", - ამბობს ჩხარტიშვილი.
ლეიბორისტი გიორგი გუგავა ფიქრობს, რომ სანქციის დაწესების შემდეგ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ფასი აიწევს.
„ივანიშვილის ხელისუფლება კვლავ ცდილობს, რომ ხალხს ბოლო ლუკმა წაართვან. გარევაჭრობასთან საჭიროა არა ბრძოლა, არამედ ვითარების მოწესრიგება და სპეციალური ადგილების გამოყოფა, რის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებსაც იღებენ. რასაც სააკაშვილი აკეთებდა, იმას აკეთებს ეს ხელისუფლებაც და აგრესიული ქმედებით ხალხის კიდევ უფრო გაღარიბებას უწყობს ხელს. იმდენად დიდია გაჭირვება, რომ მოსახლეობა გარევაჭრობის გარდა, სხვა ალტერნატივას ვერ ხედავს. უამრავი ადამიანისთვის ეს ერთადერთი გამოსავალია, რომ მათხოვრად ან ყაჩაღად არ იქცეს. იმის ნაცვლად, რომ ხელი შეუწყონ, საკუთარი სავაჭრო ქსელების გაფართოების მიზნით მოსახლეობას კიდევ უფრო ავიწროებენ. ყოვლად მიუღებელი ქმედებაა და საზოგადოების მხრიდან ამას პროტესტი უნდა მოჰყვეს. აგრარულ ქვეყანაში სოფლის მეურნეობის პროდუქტზე არაბუნებრივად მაღალი ფასია, რაც მონოპოლისტებს უკავშირდება. ვაჭრობის სფერო თითქმის მთლიანად მონოპოლიზებულია. ტრანსპორტით გარე ვაჭრობის ზრდაც შეგნებულად მიმართული ქმედებაა, რომ ფასის ზრდის ახალი ტალღა გამოიწვიონ", - ამბობს გუგავა.
მარიკა გოგოხია
გაზეთი „რეზონანსი"