საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საკურორტო ზონების მომზადების დონით უკმაყოფილოა. როგორც ბახტაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, იგი ბოლო გაფრთხილებას აძლევს შესაბამის პირებს ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად.
„ჩვენ არ ვართ კმაყოფილი იმ მზადყოფნით, რაც გვქონდა ჩვენ კურორტებზე ზაფხულში. არ ვართ კმაყოფილი ბაკურიანის და გუდაურის მომზადების დონით, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ზამთარში. ამასთან ერთად, კარგად გვესმის და გვახარებს, რომ ტურისტების რაოდენობა იზრდება მკვეთრად, მაგრამ ეს არ არის არგუმენტი იმისთვის, რომ კურორტები არ იყოს მზად ნაკადის მისაღებად. აქედან გამომდინარე, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ფიზიკურად არის ჩართული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და მზადყოფნის ხარისხის უზრუნველყოფაში, მათთვის ბოლო გაფრთხილებაა“, - განაცხადა ბახტაძემ.
მანვე დღეს ისაუბრა იმ პროექტებზე, რომლებიც საკურორტო ზონებში ხორციელდება.
„დღეს, მთავრობის სხდომაზე განვიხილავთ დამატებით დაფინანსების გამოყოფის საკითხს, რომ საკურორტო ზონაში ჩვენი ინფრასტრუქტურა იყოს კიდევ უფრო მოწესრიგებული. მოეწყობა კობი-გუდაურზე ზვავსაწინააღმდეგო დროებითი სისტემა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება დაბა ურეკის ძველ ბულვარს, ხოლო ახალი ბულვარის მშენებლობისთვის დაიწყება სამშენებლო სამუშაოები. ამავე დროს, რეაბილიტაცია ჩაუტარდება დაბა ბაკურიანში ცენტრალურ წრიულ საფეხმავლო ბილიკს. ბაკურიანი უნდა ჩამოყალიბდეს ოთხსეზონიან კურორტად. აქედან გამომდინარე, აღნიშნული ინფრასტრუქტული პროექტები უნდა დასრულდეს ძალიან მალე. ქობულეთში ნაპირდაცვითი სამუშაოები განხორციელდება. ამ პროექტების ჯამური ღირებულება დაახლოებით არის 20 მილიონი ლარი. ამბროლაურში ვიყავი, რაჭაში ინფრასტრუქტული პროექტები ხორციელდება ვადებში და კარგად, თუმცა მნიშვნელოვანია ადგილობრივი გზების რეაბილიტაცია კიდევ უფრო მასშტაბურად წარიმართოს. მთავრობაზე განვიხილავთ საკითხს, რომლის მიხედვითაც რეაბილიტაცია ჩაუტარდება 12 მუნიციპალიტეტის გზებს, რომლის ბიუჯეტი 80 მილიონ ლარზე მეტია“, - განაცხადა ბახტაძემ.