ფინანსთა მინისტრი - ლართან დაკავშირებული მერყეობები პანიკის საფუძველს არ უნდა გვაძლევდეს

ის მერყეობები, რომელიც პერიოდულად ლართან დაკავშირებით ხდება ბაზარზე, არანაირად პანიკის საფუძველს არ უნდა გვაძლევდეს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

მინისტრმა საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტი შეაფასა და მას წარმატებული უწოდა.

„გაიმართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტი საქართველოში. ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული. მათ პრაქტიკულად ეკონომიკური ზრდის კუთხით საპროგნოზო მაჩვენებელი გაზარდეს 4,8%-დან 5,5%-მდე. ეს ძალიან დიდი მიღწევაა იმ საგარეო ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც ჩვენს მეზობელ ქვეყნებშია. სახეზე გვაქვს სავალუტო კრიზისი, როგორც თურქეთში, ისე რუსეთში. მიმდინარე წლის პირველი ნახევრის საბიუჯეტო შემოსავლებით გადაჭარბებით სრულდება. ჩვენ გვაქვს ყველანაირი საფუძველი ვივარაუდოთ, რომ 2018 წელს დავხურავთ პროფიციტით, მიმდინარე შემოსავლებისა და მიმდინარე ხარჯების კუთხით. სავალუტო ფონდი ძალიან მაღალ შეფასებას აძლევს უკვე დაწყებულ და დაგეგმილ რეფორმებს, რომელიც ჩვენ არაერთხელ წარვუდგინეთ მათ და მათი დახმარება მივიღეთ ამ რეფორმების სტრატეგიაში. ის, რომ ჩვენ საგარეო გამოწვევებს ასე მყარად გავუმკლავდით და ქართული ეკონომიკა საკმაოდ მდგრადია, აქ ლომის წვლილი მიუძღვის იმას, რომ ჩვენ მცურავი გაცვლითი კურსი გვიჭირავს. ის მერყეობები, რომელიც პერიოდულად ლართან დაკავშირებით ხდება ბაზარზე, არანაირად არ უნდა გვაძლევდეს პანიკის საფუძველს. ეს არის იმის დემონსტრირება, რომ ჩვენ მყარი და ჯანმართელი ეკონომიკა გვაქვს. ინფლაცია არის საკმაოდ დაბალი, საპროგნოზოზე ნაკლებია, შესაბამისად, არანაირი განგაშის საფუძველი არ არის“, - აღნიშნა მინისტრმა.