ICAO- ს აუდიტის ოფიციალური დასკვნის მოხედვით, საერთაშორისო საავიაციო სტანდარტების დანერგვის და ზედამხედველობის თვალსაზრისით საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა.
ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გამართულ პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი.
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, მიმდინარე წლის 13-20 მარტს საქართველოში ჩატარებული აუდიტის საბოლოო ანგარიში მიიღო.
ორგანიზაციამ შეისწავალა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში შემავალი სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს შემოწმების შედეგები და აუდიტორების მიერ ადგილზე მოპოვებული მტკიცებულებები.
ICAO- ს კოორდინირებული ვალიდაციის აუდიტის საბოლოო დასკვნით, მაჩვენებლები მარტში დაფიქსირებულ წინასწარ შედეგებზე მაღალია და შემოწმებული კომპონენტების მიხედვით ასე გამოიყურება: სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ სააერნაოსნო მომსახურებაზე ზედამხედველობის ეფექტური იმპლემენტაციის მაჩვენებელმა 95.51% შეადგინა. სააგენტოს მიერ აეროდრომების/აეროპორტების და მიწისზედა საშუალებების ზედამხედველობის მაჩვენებელი 92.36%-ს გაუტოლდა.
ასევე, ICAO-ს სტანდარტებისა და რეკომენდირებული პრაქტიკის ეფექტური იმპლემენტაცია საავიაციო კანონმდებლობის ნაწილში გახდა 95.24%. ორგანიზაციული ნაწილი კი, 91.67%-მდე გაიზარდა.
სატრანსპორტო შემთხვევების და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს მიერ საავიაციო შემთხვევების და ინციდენტრბის მოკვლევის ეფექტური იმპლემენტაციის მაჩვენებელი 91.09% გახდა.
აუდიტის შედეგების მიხედვით, საქართველოს მიერ სამოქალაქო ავიაციის საერთწშორისო სტანდარტების და პრაქტიკის ეფექტური იმპლემენტაციის მთლიანი მაჩვენებელი 87.64% გახდა. ახალი მაჩვენებლებით საქართველო საერთაშორისო საავიაციო სტანდარტების დანერგვის და ზედამხედველობის თვალსაზრისით მსოფლიოში ოცდამეათე, ევროპაში მეათე, ხოლო რეგიონში პირველ ადგილზეა.