კერძო გამსესხებლების საქმიანობაზე ზედამხედველობა, თუ ისინი ეროვნულ ბანკში რეგისტრირებულები არ არიან, ჩვენს ფუნქციებში არ შედის, - ასე უპასუხა ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა გზირიშვილმა ჟურნალისტების კითხვას.
ჟურნალისტები გზირიშვილისგან დაინტერესდნენ, ვინ გააკონტროლებს იმ კერძო გამსესხებლებს, რომლებსაც უძრავ-მოძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის გაცემა 20 აგვისტოდან შეეზღუდათ, თუ ისინი ეროვნულ ბანკში რეგისტრირებულები არ არიან? კითხვაზე გზირიშვილმა უპასუხა: „ეს ეროვნული ბანკის ფუნქციებში ბუნებრივია, არ შედის“.
„ეს ეროვნული ბანკის ფუნქციებში ბუნებრივია, არ შედის, ჩვენ შეგვიძლია ვაკონტროლოთ ის ორგანიზაციები, რომლებიც ეროვნული ბანკის ზედამხედველობასაა დაქვემდებარებული; სხვადასხვა ანგარიშგებისა და თუნდაც მომხმარებელთა პრეტენზიების გზით დავაიდენტიფიციროთ ორგანიზაცია, რომელიც ჩვენს ზედამხედველობასაა დაქვემდებარებული, იცავს თუ არა კანონის მოთხოვნებს. გამომდინარე იქედან, რომ ცვლილებები შესულია „სამოქალაქო კოდექსში“, მისი დაცვა ევალება ნებისმიერს, როგორც ეროვნული ბანკის ზედამხდველობას დაქვემდებარებულ სუბიექტს, ასევე სხვასაც. თუ ვინმე ამ კანონს არღვევს, მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს სასამართლოს მიმართოს.
შეგახსენებთ, რომ ცვლილებები შეეხება უძრავი და მოძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხებს. შესაბამისად, თუ სხვადასხვა სესხის გამცემი ფინანსური ორგანიზაცია არ არის ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული, ის ვერ შეძლებს ისეთი სესხის გაცემას, რომელიც უძრავი ან მოძრავი ქონებით იქნება უზრუნველყოფილი. თუმცა, ე.წ. საბლანკო სესხები, ანუ არაუზრუნველყოფილი სესხები ნებისმიერს შეუძლია გასცეს, შეზღუდული არ არის“, - განაცხადა გზირიშვილმა.
ცნობისთვის, უძრავ-მოძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების ნაღდი ანგარიშსწორებით გაცემა 20 აგვისტოდან აიკრძალა. ცვლილებები, რომლის ავტორიც ფინანსთა სამინისტროა სამოქალაქო კოდექსში შევიდა.
კოდექსის იმ მუხლის მიხედვით, რომელიც უზრუნველყოფილი სესხის/კრედიტის გაცემის წესს არეგულირებს, სესხი მხოლოდ საბანკო გადარიცხვით გაიცემა.
„უძრავი ქონებით ან/და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებით ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე წყლის, საჰაერო და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებით უზრუნველყოფილი სესხის/კრედიტის გაცემის შემთხვევაში სავალდებულოა გამსესხებელმა/კრედიტის გამცემმა მსესხებელს/კრედიტის მიმღებს ფულადი სახსრები გადასცეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით“, - აღნიშნულია კოდექსში.
იურიდიული პირი, რომელიც აღნიშნულ წესს დაარღვევს, დაჯარიმდება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, უზრუნველყოფილი სესხის უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით გაცემის მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს პირის გაფრთხილებას.
გაფრთხილებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში სამართალდარღვევის საფუძვლის აღმოუფხვრელობა − გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. ჯარიმის დაკისრებიდან 30 კალენდარული დღის შემდეგ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საფუძვლის აღმოუფხვრელობა − გამოიწვევს პირის ხელახალ დაჯარიმებას.