საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრი გიორგი ქობულია საკუთარ შვებულებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
ქობულიას თქმით, ის ევროპის ერთ-ერთ ქალაქში იმყოფება, თუმცა სამინისტროს თანამშრომლებთან აქტიური კონტაქტი აქვს. მისივე განმარტებით, მას ყოფილ სამსახურთან დაკავშირებით გარკვეული პროცესები აქვს დასასრულებელი, ასევე, მინისტრი ამბობს, რომ მას საკუთარ ჯანმრთელობის საკითხზეც უწევს სხვა ქვეყანაში ყოფნა.
„რაც მინისტრად დავინიშნე, ნახევარზე მეტი ვიმუშავე და ნახევარი მომიწია, ასე ვთქვათ, შვებულება, მაგრამ აქედან მაქვს კონტაქტი ჩემს ხალხთან და მაქსიმალურად ვცდილობ, რომ საკითხები გადავწყვიტო. მე რომ მცოდნოდა, რომ მინისტრად ვდგებოდი არა ივლისში, არამედ მაისში, მაშინ რა თქმა უნდა, ასეთი საკითხი არ იდგებოდა. რადგან გადაწყვეტილება მოხდა ძალიან სწრაფად, მე უკვე ვეღარ შევცვალე ბევრი რაღაცები. ჯანმრთელობასთან მქონდა კიდევ რაღაცები დაკავშირებული, რაც უნდა დავასრულო“, - განაცხადა ქობულიამ „კურიერთან“ სატელეფონო საუბრისას.
გიორგი ქობულია უკვე ორი კვირაა საჯარო სივრცეში არ ჩანს. ქობულია არ დასწრებია ასევე, ანგელა მერკელის ვიზიტსაც საქართველოში.