სამკურნალო კურორტების ინფრასტრუქტურა წელს ვერ მოწესრიგდა.
იშვიათი გამონაკლისის გარდა, ამ ტიპის კურორტების უმეტესობა კეთილმოუწყობელია. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, დღეს, როცა ქვეყანაში ტურისტული სეზონი პიკზეა და დამსვენებლების რაოდენობა მუდმივად მატულობს, სამკურნალო კურორტების დიდ ნაწილს სიცოცხლის ნიშანწყალიც არ ეტყობა.
როგორც სპეციალისტები აცხადებენ, 102 კურორტიდან შემორჩენილია მხოლოდ 24 და ისიც -არასაკმარისად განვითარებული. ამჟამად ეს დარგი ძირითადად ადგილობრივი დამსვენებლების იმედადაა. დაბალი მოთხოვნის მთავარ მიზეზად სპეციალისტები და მომხმარებლები მომსახურების სიძვირეს და საკურორტო ინფრასტრუქტურის არარსებობას ასახელებენ.
საქართველოში ტურიზმის განვითარებასა და ქვეყნის დიდ პოტენციალზე ასევე ბევრს საუბრობენ, თუმცა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობა – სამკურნალო ტურიზმი – უყურადღებოდაა დარჩენილი. ქვეყანას დიდი პოტენციალი და ძალიან ბევრი აუთვისებელი რესურსი აქვს. ინფრასტრუქტურა განუვითარებელია ისეთ კურორტებზეც კი, როგორებიცაა აბასთუმანი და სურამი. დამსვენებლები ფასისა და მომსახურების ხარისხის შეუსაბამობაზე ჩივიან.
აბასთუმანში საოჯახო სასტუმროების ფასი დღე-ღამეში 30 ლარიდან იწყება და 600 ლარამდე (საოჯახო ნომერი) მერყეობს. სასტუმრო „მირაჟში" საუზმით დღიური ქირა 40 ლარიდან იწყება და 90 ლარს აღწევს. „ლომისაში" მინიმალური ფასი 300 ლარია, მაქსიმალური კი – 590 ლარი, იქაც თანხაში მხოლოდ საუზმე შედის. სასტუმროები მეტ-ნაკლებად კომფორტულია, თუმცა, მომხმარებლის აზრით, ფასი და ხარისხი მაინც შეუსაბამოა.
ბალნელოგიურ კურორტ წყალტუბოში, რომელიც საბჭოთა სივრცეში ძალიან პოპულარული იყო, სასტუმროს დღიური ფასი 35 ლარიდან იწყება და 400 ლარს არ აღემატება. ფასები თავისთავად მაღალი არ არის, მით უფრო, ამ ადგილების სამკურნალო თვისებების ფონზე, თუმცა მომხმარებლები ამბობენ, რომ ფასი და მომსახურების ხარისხი შეუსაბამოა, ხოლო ინფრასტრუქტურა – განუვითარებელი.
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი მანანა ალადაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფომ ტურიზმის განვითარების სტრატეგიაში განსაკუთრებული ადგილი უნდა დაუთმოს სამკურნალო სფეროს. მისი აზრით, ეს, ერთი მხრივ, მოიზიდავს ინვესტორებს, ხოლო, მეორე მხრივ, ადგილობრივებს მისცემს სტიმულს, უფრო მაღალი სტანდარტისა და ხარისხის მომსახურება შესთავაზონ მომხმარებელს.
ჩვენთან ძირითადად სპა მიმართულებაა მეტ-ნაკლებად განვითარებული. რა თქმა უნდა, ეს არ არის სამკურნალო ტურიზმი, რასაც მსოფლიოში ძალიან დიდი ყურადღება ექცევა და ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული დარგიცაა. არადა, ამ მხრივ ქვეყანას ნამდვილად აქვს დიდი პოტენციალი და რესურსი. 102 კურორტიდან, რომლებიც საბჭოთა დროს მუშაობდა, მხოლოდ 24 შემოგვრჩა და ისინიც კი არ არის შესაბამისად განვითარებული. მომსახურების ხარისხი საკმაოდ დაბალია, თუმცა შიდა ტურიზმი მაინც ასე თუ ისე არსებობს და აცოცხლებს სურამს, ცემს, აბასთუმანსა და ახტალას. განსხვავებული ვითარებაა წყალტუბოში, სადაც ისევ სტუმრობენ პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, მაგრამ დანადგარები და ინფრასტრუქტურა ძალიან მოძველებულია ისევე, როგორც სხვა კურორტებზე", - განაცხადა მანანა ალადაშვილმა „რეზონანსთან".
მისი თქმით, ვითარების გამოსწორება შესაძლებელია, თუკი 2015-2025 წლების ტურიზმის სტრატეგიაში სამკურნალო სფეროს შესაბამისი ყურადღება მიექცევა.
"შეიძლება დავაინტერესოთ უცხოელი ინვესტორი და ადგილობრივებსაც მივცეთ მოტივაცია. ერთ-ერთი მტკივნეული საკითხია მომსახურების ტარიფები, რაც ასევე ყურადღებას საჭიროებს. დღეს ფასი გაცილებით მაღალია იმასთან შედარებით, რა სახის მომსხურებასაც სთავაზობენ სამკურნალო კურორტებზე ჩასულებს", - დასძენს ალადაშვილი.
ტურიზმის სფეროს სპეციალისტი, ეკონომიკის დოქტორი მარინა მეტრეველი მიიჩნევს, რომ სამედიცინო ტურიზმის პრობლემა არა მხოლოდ კურორტების განუვითარებლობაა, არამედ სფეროში პროფესიონალების სიმცირეც. მისივე თქმით, ლიბერალური საბაზრო პოლიტიკა დარგის განვითარებისთვის აუცილებელია.
„რაც უნდა მოვიწონოთ თავი, სინამდვილეში კურორტები არ ვითარდება ან ვითარდება ძალიან ნელი ტემპით. ერთადერთი კურორტი, რომელიც ბოლო პერიოდში აქტიურად ვითარდება, ბახმაროა. ნელი ტემპით, მაგრამ მაინც რაღაც კეთდება წყალტუბოში.
რეალურად, წლები დასჭიდრება, რომ საქართველოს უცხოელი ტურისტი იცნობდეს როგორც სამკურნალო ტურიზმის ქვეყანას. დროსთან ერთად, ამას სჭირდება ახალი მარკეტინგი, ახალი მძლავრი საინფორმაციო კამპანია. დღეს სამკურნალო ტურიზმი ან შიდა დამსვენებლების ან კიდევ ძველი, კომუნისტური რეჟიმის დროს მიჩვეული ტურისტების იმედადაა.
არის სხვა პრობლემაც – ფასისა და ხარისხის შეუთავსებლობა, რაც სხვანაირად ვერც იქნება, რადგან პროფესიონალიზმი დაბალია. გარდა ამისა, ფასი, რომელიც საგადასახადო ლიბერალური პოლიტიკის ბაზრის მიღმაა, რა თქმა უნდა, ვერ იქნება მისაღები. ერთი სისტემით იბეგრებიან დიდი და მცირე ზომის სასტუმროები კომუნალური გადასახადების გადახდისას, ამიტომ პატარა სასტუმროები ეკონომიურად ისედაც ძლივს სუნთქავენ. სფეროს განვითარება თუ გვინდა, უამრავი რამეა გამოსასწორებელი რეგულირების კუთხითაც. ფასის სიძვირეს ეს ფაქტორი განაპირობებს, რასაც ემატება ქართული ბიზნესფენომენი. საქმეს იწყებენ ისე, რომ არავითარი სტრატეგია არ არსებობს, რამდენ ხანში უნდა მოხდეს თანხის ამოღება და მოგებაზე გასვლა. დღესვე უნდათ გამდიდრება. რასაკვირველია, არ ვგულისხმობ ყველას, თუმცა, სახელმწიფოს ინერტულობის გარდა, ეს პრობლემა ნამდვილად აფერხებს ტურიზმისა და კონკრეტულად სამკურნალო-რეკრეაციული დასვენების დარგის განვითარებას", - აცხადებს მარინა მეტრეველი.
თამარ მუკბანიანი
გაზეთი „რეზონანსი"