დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისში არსებულ მძიმე ეკოლოგიურ ვითარებას ბოლო 20 წლის განმავლობაში დედაქალაქში განხორციელებულ ქმედებებს უკავშირებს.
როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც რესტორან „ოტიუმთან“ მშენებლობის შეჩერების საკითხს გამოეხმაურა, არსებობს პრინციპები, რომლის გადახვევაც არ შეიძლება.
„გუშინ კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ოტიუმის“ წინ დაიწყეს უკანონო მშენებლობა. მაშინვე მოხდა რეაგირება ჩვენი მხრიდან. არსებობს პრინციპები, რასაც არ უნდა გადავაბიჯოთ. ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ქალაქში არის მწვანე სივრცეების პრობლემა, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში დედაქალაქში განხორციელებული ქმედებების შედეგია. ეს კონკრეტული პროექტი იყო მწვანე სივრცეში. ფოტომასალაც არის, თუ როგორ არის ამოგლეჯილი რეკრეაციულ ზონაში ხეები. იყო მიცემული მშენებლობის უფლება, თუმცა ჩვენი მხრიდან ეს ნებართვა გაბათილდა. არ უნდა დაზარალდეს მეპატრონე, რომელიც კეთილსინდისიერი მყიდველია ამ ფართის. შესაბამისად, ცივილურ ფორმებში უნდა მოხდეს საქმის მოგვარება და მოწესრიგება. ჩვენ მივესალმებით მშენებლობას, ქალაქის განვითარებას, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს მწვანე სივრცეების და რეკრეაციული ზონების ხარჯზე. სამშენებლო სექტორს გექნებათ მაქსიმალური მხარდაჭერა, რომ ერთად განვავითაროთ და ერთად ავაშენოთ ეს ქალაქი, თუმცა რაც მთავარია, ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სწორად. ეკოლოგიური მდგომარეობა ქალაქში არის მძიმე და ერთიანი ძალისხმევით არსებული რეალობა უნდა შევცვალოთ“, - განაცხადა კალაძემ.