თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, პროექტ „შენი იდეა ქალაქის მერს“ ფარგლებში რამდენიმე პროექტი განიხილება, რომელთა შორის გიგანტურ ეშმაკის ბორბალზე საათის დამონტაჟების იდეაცაა.
ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის ინფორმაციით, უკვე შერჩეულია რამდენიმე პროექტი, რომელმაც შესაბამისი მოწონება დაიმსახურა და უკვე დაწყებულია ამ პროექტების განხორციელებაზე მუშაობა. თბილისის მერის თქმით, ერთ-ერთი პროექტი ცხოველთა კვებისთვის განკუთვნილ მოწყობილობებს ეხება.
„ქალაქის განვითარებაში მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა. ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში ბევრი საინტერესო ადამიანი მოდიოდა კონკრეტული ხედვებით, რაც შეიძლება განხორციელებულიყო ქალაქში. მე მაშინვე მივეცი მოსახლეობას პირობა, რომ ყველაფერს გავაკეთებდი და ქალაქის განვითარებაში მონაწილეობის მისაღებად შევქმნიდით შესაბამის პლატფორმას, რომ მოსახლეობა ყოფილიყო ჩართული. ჩვენ ეს შევასრულეთ, შეიქმნა სპეციალური ვებგვერდი, რომელსაც ჰქვია „შენი იდეა ქალაქის მერს“, სადაც ნებისმიერ ადამიანს, ვისაც აქვს კონკრეტული ხედვა, კონკრეტული პროექტი ქალაქთან დაკავშირებით, შეუძლია წარმოადგინოს და განვიხილავთ მისი განხორციელების შესაძლებლობას. რამდენიმე თვის წინ ჩვენ შევარჩიეთ ორი პროექტი, რომლის განხორციელებაზეც უკვე დაწყებულია მუშაობა. სულ მალე დედაქალაქში ვიხილავთ ცხოველთა კვებისთვის განკუთვნილ მოწყობილობებს და ასევე ნარჩენების მართვის მიმართულებით, ამ ორივე პროექტს განვახორციელებთ, რომელიც იყო ვებგვერდზე შემოსული“, - განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება ეშმაკის ბორბალზე საათის დამონტაჟებას, თბილისის მერის თქმით, ამ პროექტის განხორციელებით ორი მსხვილი კომპანიაა დაინტერესებული.
„ამჟამად განიხილება კიდევ რამდენიმე პროექტი, რომელთა შორის ერთ-ერთია საათი გიგანტურ ბორბალზე. ამ იდეამ, ისევე როგორც სხვა იდეებმა, დააგროვა მოწონებების განსაზღვრული რაოდენობა, რის შემდეგაც მე დავავალე „თბილსერვისის“ ხელმძღვანელს, რომ პროექტთან დაკავშირებით განეხორციელებინათ გამოკითხვა, რამდენად შესაძლებელი იყო ამ პროექტის განხორციელება და დაახლოებით რა თანხები იქნებოდა საჭირო. ეს ყველაფერი „თბილსერვისმა“ გააკეთა. არის ორი მსხვილი კომპანია, ვინც არის დაინტერესებული და გვითხრეს, რომ ამ პროექტის განხორციელება შესაძლებელია, ეს ორი კომპანია გახლავთ „ფილიპსი“ და „იგუცინი“, რომლებმაც მოგვაწოდეს პროექტი, რომელიც შეიძლება განხორციელდეს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ „შენი იდეა ქალაქის მერს“ ერთ-ერთი საუკეთესო პროექტია, სადაც ჩვენ ადამიანებს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ თავისი იდეები წარმოადგინონ. გიგანტურ ეშმაკის ბორბალზე საათის დამონტაჟების იდეას და მის განხორციელებას გუნდში განვიხილავთ. ძალიან საინტერესო იყო თავად ამ პროექტის ავტორის მოსაზრებაც. პროექტის აღწერაში ის მიუთითებდა, რომ გიგანტური ბორბლის საათი ქალაქის სავიზიტო ბარათად იქცევა და ტურისტული თვალსაზრისით ძალიან მიმზიდველი შეიძლება აღმოჩნდეს, რაშიც ჩვენ, რა თქმა უნდა, ვეთანხმებით“, - განაცხადა თბილისის მერმა.