საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ, მერიის მხრიდან იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა, რომ კომპანია „სვეტის“ პროექტები დასრულდეს,- ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე „სვეტი“ მიუხედავად მაქსიმალური დახმარებისა, პროექტებს ვერ ასრულებს.
„ძალიან ბევრი ადამიანი მოგვმართავს, თუ რა ხდება „სვეტის“ პროექტებთან დაკავშირებით. ეს არის პრობლემური სამშენებლო კომპანია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ სამშენებლო ნებართვების გაცემის თვალსაზრისით, დავეხმარეთ ყველანაირად, მშენებლობას მაინც ვერ ახერხებს და ვერ ასრულებს პროექტებს. პარალელურად დაწყებულია გამოძიებაც.
ჩვენ რამდენჯერმე გვქონდა შეხვედრა საინიციატივო ჯგუფთან და ყოველთვის გვაქვს კავშირი მათთან. მერიის მხრიდან თავისი კომპეტენციის ფარგლებში იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა დაზარალებულების მიმართ. საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ, იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა, რომ კომპანია „სვეტის“ პროექტები დასრულდეს“, - განაცხადა კალაძემ.