"ჩვენს ქვეყანაში ბინადრობის უფლების მიღება მნიშვნელოვნად იზღუდება"

ჩვენს ქვეყანაში ბინადრობის უფლების მიღება მნიშვნელოვნად იზღუდება,- ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ილია წულაია, დედაქალაქის მერის კახა კალაძის ინიციატივას.

დეპუტატის თქმით, „ ბოლო წლების განმავლობაში საქართველო ძალიან მიმზიდველი ქვეყანა გახდა მიგრანტებისთვის და ბევრი უცხოელი არაკეთილსინდისიერად სარგებლობს არსებული რეგულაციებით“.

„დღევანდელი კანონმდებლობით 35 000 აშშ დოლარის უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში უცხოელს შეუძლია მიიღოს საქართველოში ცხოვრების უფლება 1 წლით. ეს ზღვარი ჩვენი კანონპროექტით გაზრდილია 100 000 დოლარამდე. ასევე, თუ დღევანდელი რეგულაციით უცხოელს უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაშიც უნარჩუნდებოდა ერთწლიანი ბინადრობის უფლება, ახალი კანონით თუ უცხოელი გაასხვისებს უძრავ ქონებას ბინადრობის უფლების მოქმედების ვადაში, ის ავტომატურად დაკარგავს ამ უფლებას. ანუ ფიქტიური გადაყიდვები, მხოლოდ ბინადრობის უფლების მიღების მიზნით შეუძლებელი გახდება“,- აცხადებს წულაია.

დედაქალქის მერმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ბინადრობის უფლების მისაღებად უცხო ქვეყნის მოქალაქეები ე.წ. კარუსელს ატრიალებენ, რაც მისთვის მიუღებელია. კალაძის თქმით, მნიშვნელოვანია კანონში არსებული ხარვეზები დროულად გამოსწორდეს.