საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის საკმაოდ კარგი მაჩვენებლის განმაპირობებელია როგორც საგარეო მოთხოვნის ზრდა, ისე შიდა მოთხოვნის გაუმჯობესება.მისი თქმით, ზრდის მაღალ ტემპებს ინარჩუნებს საქონლის ექსპორტი, რომელიც 2018 წლის ივლისში 31 პროცენტით გაიზარდა.
„ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს მომსახურებით ექსპორტში, კერძოდ ტურიზმში - იმავე ივლისის თვეში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 13.8 პროცენტით (52.0 მლნ. აშშ დოლარით) გაიზარდა და 430.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში: ტრანსპორტი, ვაჭრობა, უძრავი ქონება, საფინანსო საქმიანობა, სასტუმროები და რესტორნები.
ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში არსებული გართულებული ეკონომიკური ვითარების ფონზე საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს, რასაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და სუვერენული საკრედიტო კომპანიების მიერ გამოქვეყნებული შეფასებები ადასტურებს“, - განაცხადა მიქაბაძემ.
მისივე თქმით, 27 აგვისტოს დასრულდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტი საქართველოში, რომლის ფარგლებშიც ფონდის წარმომადგენლებმა აღნიშნეს საქართველოს ეკონომიკაში არსებული დადებითი ტენდენციები, მათ შორის მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდა.
„სწორედ აქედან გამომდინარე, ფონდმა 2018 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.8 პროცენტიდან 5.5 პროცენტამდე გაზარდა“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. ამასთან, მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია საკრედიტო-სარეიტინგო კომპანია „ფიტჩის“ მიერ გასულ კვირას გამოქვეყნებული შეფასება, რომლის მიხედვითაც რეგიონში არსებული სირთულეების მიუხედავად, საქართველო ინარჩუნებს მაკროეკონომიკურ მდგრადობას და ქვეყანაში არსებული ბიზნეს და მმართველობითი გარემო ხელს უწყობს კერძო სექტორის განვითარებას“, - აღნიშნა მიქაბაძემ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის შეფასებით სწორედ მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები განაპირობებს საგარეო მოწყვლადობის შემცირებას და უფრო მაღალი ინკლუზიური ზრდის უზრუნველყოფას ქვეყანაში, რაც იმის საფუძველია, რომ საქართველოს მდგრადი ეკონომიკური ზრდა ჰქონდეს.