"საქართველოსა და აზერბაიჯანის საერთო დღის წესრიგია სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება"

საქართველოსა და აზერბაიჯანის საერთო დღის წესრიგია სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, მაჭავარიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ბაქოში ვიზიტი საინტერესოდ მიმდინარეობს და დღის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრაა დაგეგმილი.

„მთავარი საკითხი, რაც ეკონომიკური ბლოკის ნაწილში გვაქვს, ეს არის ვაჭრობის გაღრმავება. საგარეო ვაჭრობის კუთხით, ჩვენ ერთ-ერთი მსხვილი პარტნიორები ვართ, თუმცა გვსურს ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაღრმაოთ. გვინდა, თანაბარი თამაშის წესები დავამკვიდროთ ორივე მხარეს, რათა არ იყოს შეზღუდვები რამე ტიპის პროდუქციაზე, თუ სადმე არის დისბალანსი, გავასწოროთ და მაქსიმალურად გავზარდოთ ჩვენს შორის სავაჭრო ურთიერთობები. ეს არის ნომერ პირველი პრიორიტეტი. ჩვენი ქვეყნების ჩართულობით ორი ძალიან მსხვილი პროექტი უკვე განხორციელდა - ეს იყო ჯერ ნავთობსადენი, შემდგომში კი, რკინიგზა, რაშიც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სერიოზულად იყო ჩართული თავის დროზე,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მაჭავარიანის თქმით, მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში არსებული პოზიტიური დინამიკაც.

„ჩემი, როგორც ფინანსთა მინისტრის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემაა, სავაჭრო ურთიერთობები და იმ დისბალანსის გასწორება, რომელიც დღეის მდგომარეობით არსებობს. მაგალითად, სასმელებზე არის განსხვავებული დაბეგვრის რეჟიმი, ასევე, პირველადი მოხმარების საგნებზე“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.