გლობალური ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება

გასულ კვირას გამოქვეყნდა მსოფლიო ბანკის პროგნოზები.

შეიძლება ითქვას, რომ გლობალური ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება. 2014 წელს იგი გაიზრდება 2,8 პროცენტით, ხოლო 2015-2016 წლებისთვის, შესაბამისად - 3,4 და 3,5 პროცენტით.

განვითარებული ეკონომიკებიდან ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდება შეერთებულ შტატებში, სადაც ამჟამად უმუშავრობის დონის კლების პარალელურად, ზრდა შეინიშნება საწარმოო და მომსახურების სექტორებშიც. კერძოდ, ბოლო მონაცემის მიხედვით, საქმიანობის ინდექსმა შეერთებულ შტატებში პროგნოზს და წინა მონაცემს გადააჭარბა და შეადგინა 56,3 პუნქტი, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკა სხვადასხვა სექტორებში ჩქარი ტემპით ვითარდება.

ევროპის ქვეყნებში ზრდის პროგნოზი გაცილებით ნაკლებია და არ აღემატება 1-1,5 პროცენტს, მაგრამ გადალახული ღრმა კრიზისის შემდეგ, ეს ციფრი მაინც დადებითად უნდა ჩაითვალოს. ევროპის რეგიონის მთავარ გამოწვევად რჩება ინფლაციის დაბალი მაჩვენებელი და შრომის ბაზრის პრობლემები.

რაც შეეხება მსოფლიოს განვითარებად ქვეყნებს, იქ პროგნოზებით მოსალოდნელია ზრდის ტემპის უმნიშვნელო კლება. 2014 წელს მათი ეკონომიკა მოიმატებს 4,8 პროცენტით, ხოლო 2015-2016 წლებისთვის ზრდა იქნება 5,5 პროცენტი. ყველაზე დიდი მატება როგორც ყოველთვის, მოსალოდნელია ჩინეთში, სადაც პროგნოზით გათვალისწინებული 7,5 პროცენტი შეიძლება ადვილად იქნეს გადაჭარბებული.

ამ საყოველთაო დადებითი განწყობის ფონზე, მოკრძალებულად გამოიყურება ჩვენი ქვეყნის ამბიციები და პროგნოზები. საქართველოში 2014 წლისთვის დაგეგმილი 4-5 პროცენტიანი ზრდის დაფიქსირება სავარაუდოა და მიღწევის შემთხვევაშიც, ჩვენთვის სამწუხაროდ,  ეს არ იქნება წინსვლა რეგიონის სხვა ქვეყნებთან და მეზობლებთან შედარებით. რეალურ წინსვლაზე თუ ვიფიქრებთ, აუცილებელია როგორც მინიმუმი, ეკონომიკის 7-9 პროცენტიანი ზრდის მიღწევა, სასურველი კი ორნიშნა ციფრი იქნებოდა.

მომზადებულია კომპანია „Admiral Markets“ ანალიტიკური ჯგუფის მიერ