საქართველო და აზერბაიჯანი არიან სტრატეგიული პარტნიორები. ჩვენ ერთობლივად ძალიან ბევრი გლობალური მნიშვნელობის პროექტის რეალიზაცია შევძელით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურის შეფასებით, ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები გაიმართა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.
“ვიმსჯელეთ იმ ახალ პროექტებზე, რომლის განხორციელებაც ერთობლივად შეგვიძლია და რომლებიც ჩვენს ეკონომიკურ ურთიერთობას კიდევ უფრო გაამყარებს. ამასთან ერთად, ძალიან კონკრეტული ამოცანები დავისახეთ. წელს ჩვენი სავაჭრო ბრუნვა იქნება დაახლოებით 1 მილიარდის ფარგლებში და ვფიქრობთ, რომ შემდეგი 2 წლის განმავლობაში შესაძლებელია ამ ციფრის 50-60%-ით გაუმჯობესება. ამასთან ერთად შევთანხმდით, რომ შევისწავლით ერთობლივი საწარმოების შექმნის შესაძლებლობებს. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი როგორც ევროკავშირთან ასევე ჩინეთთან. აზერბაიჯანი გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორი საქართველოში და ამ მხრივ, რა თქმა უნდა, არსებობს ძალიან დიდი პოტენციალი”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველოსა და აზრებაიჯანს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ განათლებისა და კულტურის სფეროში, თუმცა აქ არსებობს საკითხები, რომლებსაც დახვეწა და განვითარება სჭირდება.
„ჩვენ ამავე დროს შევთანხმდით, რომ რაც შეეხება ფინანსურ სფეროს, გვექნება დამატებითი კონსულტაციები. დღეს ჩვენი თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი არ ეხება მომსახურების სფეროს. აქაც დამატებით კვლევებს ჩავატარებთ და ვფიქრობთ, ახალი თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ხელს შეუწყობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაზრდას. იყო ძალიან კარგი, ძალიან წარმატებული ვიზიტი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ახალ იმპულსს მისცემს ჩვენს ეკონომიკურ თანამშრომლობას”, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.