საქართველოში 2017 წელს 1595 სასტუმრო და სასტუმროს ტიპის დაწესებულება ფუნქციონირებდა, - ამის შესახებ აღნიშნულია სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
„დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2017 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა სასტუმროს მომსახურებით დაკავებული 1496 ეკონომიკური სუბიექტი, რომელთაც გააჩნიათ 1595 სასტუმრო და სასტუმროს ტიპის დაწესებულება (ადგილობრივი ერთეულების და ფილიალების ჩათვლით)“, - აღნიშნულია სტატისტიკის სამსახურის კვლევაში.
ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, სასტუმროს მომსახურებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისათვის ყველაზე გავრცელებულ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას შპს-ს წარმოადგენს, რომლის წილად მოდის 2017 წელს მოქმედი სასტუმროების და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო რაოდენობის 58.7 პროცენტი, ინდივიდუალური მეწარმის წილად - 38.7 პროცენტი. დანარჩენ მათგანს გააჩნია სააქციო საზოგადოების (1.3 პროცენტი), სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების (0.1 პროცენტი) და სხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის (1.2 პროცენტი) სტატუსი. სასტუმროების და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების 99.1 პროცენტი კერძო საკუთრებაშია, ხოლო 0.9 პროცენტი- სახელმწიფო საკუთრებაში.
„2017 წელს საქართველოში მოქმედი სასტუმროების და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო ფართობი 1790.3 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენდა (6.9%-ით მეტი, გასული წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით). აქედან იჯარით გაცემულია 30.2 ათასი კვადრატული მეტრი, ხოლო ყველა ნომრის საცხოვრებელმა ფართობმა 882.1 ათასი კვადრატული მეტრი შეადგინა (7.4%-ით მეტი, გასული წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით).
2017 წელს მოქმედ სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში ადგილების საერთო რაოდენობამ 66.9 ათასი ერთეული შეადგინა. ნომრების საერთო რიცხვი 30.7 ათასი ერთეულია, რომელთა 9.9 პროცენტი ლუქსია, 13.1 პროცენტი – ერთადგილიანი, 57.2 პროცენტი – ორადგილიანი, ხოლო 19.8 პროცენტი სამი და მეტი ადგილის მქონე ნომრებია“, - წერია საქსტატის კვლევაში.