ეკოტოქსიკოლოგის, გაერო-ს ექსპერტის ხათუნა ახალაიას განცხადებით, ქვემო ქართლში პესტიციდების არასწორად გამოყენების გამო, ხშირია ადამიანების მოწამვლის ფაქტები.
როგორც ექსპერტი აცხადებს, გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ 2014-2016 წლებში ქვემო ქართლის რეგიონში ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც ფერმერულ მეურნეობებში ქიმიური ნივთიერებების გამოყენებას ეხებოდა გამოავლინა სხვადასხვა ტიპის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელსაც ყურადღება უნდა მიექცეს, ვინაიდან ეს პირდაპირ მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე.
"სიმსივნის გამომწვევია სწორედ ის ნივთიერებები, რომელიც არის ფოსფორორგანული, ქლორორგანული ნივთიერებები, რაც გამოიყენება სოფლის მეურნეობაში და იწვევს ასეთ დაავადებებს",- აღნიშნა ექსპერტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ სოფლის მეურნეობაში მომუშავე ადამიანების 52% ამბობს, რომ ისინი თავს არ იცავენ ამ ქიმიური ნივთიერებებისგან.
"ისინი არ იცავენ სასუნთქ გზებს. ამ კვლევაში საკითხი ასევე ეხებოდა იმას, თუ რამდენად იყო ღია წყლები იმ ადგილებზე, სადაც იყენებდნენ ამ ქიმიურ ნივთიერებებს. 90% იმ ტერიტორიების, სადაც არის განაშენიანება არის არხებიც, რაც ბინძურდება ამ ქიმიური ნივთიერებებით",- აცხადებს ექსპერტი.
მისივე თქმით, მომხმარებელს უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და მასზე ხელი მიუწვდებოდეს.
ასევე, ექსპერტი აცხადებს, რომ ეს კვლევა გააცნეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის და ჯანდაცვის სამინისტროებს. მისივე თქმით, აუცილებელია მოხდეს მოსახლეობის მეტად ინფორმირება შესაბამის საკითხზე, რომ მათ მომწამვლელი ქიმიური ნივთიერებებისგან თავი დაიცვან.
ამასთან, ეკოტოქსიკოლოგი ამბობს, რომ მსგავსი კვლევა სხვა რეგიონებში დანიშნული არ არის, რადგან სიტუაცია ყველგან ერთია.