საყოველთაო ჯანდაცვის ბენეფიციარებისთვის დამატებითი, ზედნაშენი პაკეტების კერძო სადაზღვევო კომპანიებისგან შეთავაზებას ჯანდაცვის უწყება 2016 წლიდან ითხოვდა, თუმცა მათგან აქტივობა ვერ დავინახეთ,- ასე პასუხობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო კერძო სადაზღვევო კომპანიების შეთავაზებას, რომლებიც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებენ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებს მისცეს საშუალება, სახელმწიფოსთან ერთად, კერძო სადაზღვევო პოლისითაც ისარგებლონ.
როგორც სერგეენკომ უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, "ისეთ სიახლეს არაფერს გვთავაზობენ, რასაც ჩვენ ამდენი ხანი არ ვეხვეწებოდით".
"საინტერესო მოვლენა იყო სადაზღვევო კომპანიების გუშინდელი განცხადება და ცოტა მეტი დეტალით დავახასიათებ ამ თეზისს. სახელმწიფო მკაფიოდ აცნობიერებს, რომ კერძო სადაზღვევო ინდუსტრია ჯანდაცვის სისტემის განუყოფელი ნაწილია, მათ მდგრადობაზე საკუთრივ სისტემის მდგრადობაა დამოკიდებული. ვაცნობიერებდით რა ამას, რამდენიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ფინანსური ნაბიჯი გადავდგით. ამან შეუწყო ხელი იმას, რომ დღეს არსებობს და ვითარდება სადაზღვევო ინდუსტრია.
ის, რასაც გვთავაზობს სადაზღვევო ინდუსტრია -ზედაშე პაკეტებს 2016 წლის მაისში მივეცით ამის ლეგალური საშუალება 2 300 000 ადამიანზე საქართველოს მასშტაბით, თუმცა, ჩვენ მათგან ვერ დავინახეთ სისტემური გარღვევა ამ მხრივ. მეორე მხრივ, ისინი აღნიშნავენ, რომ დაგვეხმარებიან ზედმეტი მედიკამენტები რომ არ გამოიწეროს, თუმცა ამ წლის მაისიდან დავიწყეთ აღნიშნულ საკითხზე პროექტი და აქაც ვერ დავინახეთ მათი აქტივობა.
მათი სურვილია მთელი მოსახლეობა მოიცვან, მაგრამ ჩვენ როცა მივეცით საშუალება 2 მილიონზე მეტი ადამიანი მოეცვათ და გაეყიდათ ზედაშე პაკეტი, ეს მათ სისტემურად ვერ შეძლეს. ეს დამოკიდებულია ერთ რამეზე, რაც ასევე გასაკეთებელია -საბაზო პაკეტი, რასაც მოსახლეობას ვაწვდით მათ უნდა განაფასონ, დაადონ თავისი ფასი იმას, რაც ჩვენ საშუალოდ გვიჯდება 18 ლარი. ასევე უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან სერვისები და ფინანსები, ასევე საბაზო და ზედაშე პაკეტები, რის გამიჯვნასაც ვთხოვთ 2016 წლიდან, თუმცა, ჯერჯერობით შედეგი არ გვაქვს.
გამიკვირდა ტრიბუნიდან და ბრიფინგით რატომ მოგვმართეს იმაზე, რასაც ჩვენ ისედაც ვთხოვთ. მივმართავ მათ, მოვიდნენ და სამუშაო რეჟიმში გაიარონ ჩვენს გუნდთან ერთად ეს ყველაფერი. სიახლეს ისინი არაფერს გვთავაზობენ ისეთს, რასაც ჩვენ ამდენი ხანი არ ვეხვეწებოდით",- განაცხადა სერგეენკომ.
ცნობისთვის, კერძო სადაზღვევო კომპანიები საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებენ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებს მისცეს საშუალება, სახელმწიფოსთან ერთად, კერძო სადაზღვევო პოლისითაც ისარგებლონ. ამის შესახებ განცხადება გუშინ საქართველოს სადაზღვეო კომპანიების ასოციაციამ გააკეთა.
სადაზღვევო ასოციაცია და კერძო სადაზღვევო კომპანიები მზად არიან შესთავაზონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ყველა ბენეფიციარს შემავსებელი/დაშენებული პროდუქტები რომელიც:
ა) დააფინანსებს მედიკამენტებს;
ბ) დააფინანსებს ამბულატორიული მომსახურებას სრულყოფილად, მათ შორის მაღალტექნოლოგიური კვლევებს (საყოველთაოთი იფარება მხოლოდ საბაზისო ამბულატორია და შეზღუდული დიაგნოსტიკა);
გ) დააფინანსებს ჰოსპიტალურ მომსახურებას სრულად – (საყოველთაო პროგრამა მხოლოდ ნაწილობრივ ფარავს ჰოსპიტალურ მომსახურებას);
დ) დააფინანსებს სტომატოლოგიას (რაც საერთოდ არ იფარება საყოველთაო პროგრამით).