საპარკინგე სივრცე, ეკო ხიდები და კუნძული - მერიამ დიღმის ჭალებში საქალაქო პარკის პროექტის შედგენაზე ტენდერი გამოაცხადა

დიღმის ჭალებში საქალაქო პარკი მოეწყობა. მერიამ პარკის მოწყობის საპროექტო დოკუმენტაციაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა.შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 310 000 ლარს შეადგენს. 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საპროექტო ტერიტორია 85 000 კვ/მ-ს შეადგენს. მდ. მტკვარში კუნძული - 65 000 კვ. მ (აღნიშნული ტერიტორიისთვის მოიაზრება მხოლოდ ბუნებრივი საფეხმავლო ბილიკების მოწყობა).

დოკუმენტაციის მიხედვით, სასურველია პარკის ტერიტორია დაიყოს სპორტულ, საბავშვო, საპიკნიკე ზონებად. ასევე, ტერიტორიაზე მიზანშეწონილია მოეწყოს ძაღლების სასეირნო სივრცე და პავილიონი. ამასთან, სასურველია პარკის  ტერიტორიაზე მოეწყოს საფეხმავლო და საველოსიპედე ბილიკები, მოეწყოს ბილიკები და განათება საბავშვო და სპორტულ მოედნებთან; ძირითად ბილიკებზე მოეწყოს ღამის განათება; სასურველია გათვალისწინებული იქნას კულტურულ-საგანმანათლებლო ფუნქციის (მაგ: მედიათეკა, საგამოფენო დარბაზი, კინოთეატრი და სხვა) ობიექტის განთავსება საპროექტო ტერიტორიაზე.

დოკუმენტაციის მიხედვით, პარკში უნდა განთავსდეს საინფორმაციო დაფები მინიმუმ 2 ენაზე, საჭიროების შემთხვევაში სასმელი წყლის სოკოები და პარკი სრულად უნდა იყოს ადაპტირებული შშმ პირებისთვის. 

დოკუმენტაციის მიხედვით, სასურველია მოეწყოს საფეხმავლო ეკო ხიდები (მინ. 2 ხიდი), რომლებიც ყველა მხარეს დააკავშირებს ერთმანეთთან. მერიის მოთხოვნით, აუცილებელია მტკვარში არსებული კუნძულის შენარჩუნება, სადაც უნდა მოეწყოს საფეხმავლო ბილიკები და საპარკე ფურნიტურა ჰიდროლოგიური კვლევის შედეგების გათვალისწინებით.

პარკში უნდა განთავსდეს თანამდროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ფასიანი (მომსახურე პერსონალის გარეშე) ეკო/ბიო რეტერატები. განისაზღვროს მოდელი და ლოკაცია. ამასთან, სასურველია პროექტის ფარგლებში დამუშავდეს ახალი პარკის ლოგოს დიზაინი. ამასთან, სასურველია დამუშავდეს საპროექტო ტერიტორიის წყლის ტრანსპორტით უზრუნველყოფის კონცეფცია.

ტენდერში წინადადებების მიღება 12 სექტემბერს დაიწყება და 17 სექტემბერს დასრულდება.

bpn