აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციას სამიზნე ქვეყნებში აგრძელებს.
როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან იუწყებიან, ამჯერად, მათი ორგანიზებით რეგიონს წამყვანი ტელევიზიების გადამღები ჯგუფები ბელორუსიდან სტუმრობენ.
„ისინი აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ გადაცემებს ამზადებენ. მედიატურის მონაწილეებმა უკვე გადაიღეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბოტანიკური ბაღი, გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმი. ისინი მთიან აჭარასაც ეწვივნენ, სადაც ღვინის მარნები დათვალიერეს და ადგილობრივი კერძები დააგემოვნეს. დღეს კი მონაწილეობა მიიღეს აჭარული ხაჭაპურის მომზადების მასტერკლასში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მათივე მონაცემებით, წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონის ტურისტულ პროდუქტებს 200-მდე ჟურნალისტი და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი გაეცნო და შედეგად, აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ სამიზნე ქვეყნების ტელევიზიებსა და ონლაინ მედიაში ათობით სტატია, რეპორტაჟი და გადაცემა მომზადდა.
რაც შეეხება უშუალოდ ბელორუსს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, ის აჭარისთვის მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია, საიდანაც მიმდინარე წლის 7 თვის მონაცემებით, რეგიონში 34%-ით მეტი საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა.