"მდინარე ვარაზისხევის ახალი კოლექტორის მოწყობაზე რეკომენდაცია იყო გაცემული და ეს სამუშაოები შესრულდა, რათა იქ მცხოვრებ ადამიანებს პრობლემა არ შეექმნათ"

ჟვანიას ქუჩაზე, მდინარე ვარაზისხევის ახალი კოლექტორის მოწყობაზე რეკომენდაცია იყო გაცემული და ეს სამუშაოები შესრულდა, რათა იქ მცხოვრებ ადამიანებს პრობლემა არ შეექმნათ,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელმაც "პარტიზანული მებაღეობა" და ურბანისტთა ნაწილი აღნიშნულ კოლექტორთან დაკავშირებით მათ მიერ გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა.

ჟვანიას ქუჩაზე, მდინარე ვარაზისხევის ახალ კოლექტორთან დაკაშირებით „პარტიზანულმა მოძრაობამ“ სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა.

კახა კალაძე დაინტერესდა, რაზე დაყრდნობით აცხადებენ „პარტიზანული მებაღეობა“ და ურბანისტები, რომ აღნიშნულ ადგილზე კოლექტორის მოწყობა გაუმართლებელი იყო.

"უაზროდ, მიზანმიმართულად, არასწორი ინფორმაციის გავრცელებას კატეგორიულად არ მივესალმები. ვიღაცამ გრანტი მიიღოს და ამით ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და წინსვლას ხელი შეუშალოს, არ შეიძლება. თუ რაიმე კონკრეტიკა აქვთ, მერიის კარი ღიაა ყველა ადამიანისთვის, ვისაც ამ ქალაქისთვის სიკეთე უნდა, მზად ვართ, დავსხდეთ და განვიხილოთ. რა თქმა უნდა, პირველები ჩვენ ვიქნებით, ვინც ხმას ამოიღებს და შეაჩერებს, როგორც იყო, მაგალითად, კუს ტბის შემთხვევაში. ჩვენ ეს ქალაქი გვიყვარს და ვიცით, რას ვაკეთებთ და რა გვინდა. ჩვენ ვართ პასუხისმგებელიანი მთავრობა",- განაცხადა მერმა.

„პარტიზანულმა მებაღეობამ“ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აღნიშნულ კოლექტორთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ კრიტიკას ვერ უძლებს ჟვანიას ქუჩაზე მდინარე ვარაზისხევისთვის გაკეთებული ახალი კოლექტორი, რის შესახებაც არაერთხელ აცნობეს თბილისის მერიას.