გარემოვაჭრე, რომელიც ზუგდიდის პოლიციამ გუშინ დააკავა, სასამართლომ 50 ლარით დააჯარიმა და სავაჭრო საქონელი ჩამოართვა

გარემოვაჭრე, რომელიც ზუგდიდის პოლიციამ გუშინ საღამოს დააკავა, სასამართლომ 50 ლარით დააჯარიმა და სავაჭრო საქონელი ჩამოართვა.აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი აბშილავამ მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ მიიღო.

ფარულავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო წარდგენილ ორ მუხლში - 53 -ე მესამე პრიმა მუხლის მეორე ნაწილში, რაც შესაბამისი ნებართვის გარეშე გარევაჭრობას გულისხმობს და 173-ე მუხლში, რაც პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას და სიტყვიერ შეურაცხყოფას ნიშნავს.

მოსამართლემ ფარულავას ჯარიმა პირველი მუხლის მიხედვით დააკისრა, ხოლო მეორე მუხლთან მიმართებაში სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა.

რაც შეეხება ფარულავას, ის ამბობს, რომ ჩამორთმეული ნივთების ნაწილი მისი არ იყო და იქ შემთხვევით აღმოჩნდა.

„ჩამორთმეული ნივთებიდან ყველა არ იყო ჩემი, ამაზე უფრო ვნერვიულობ. ხვალიდან დავიწყებთ აქციებს, ან მერიის თანამშრომლები იქნებიან ან ჩვენ. იმ ტროტუარზე მაღაზიების აშენება თუ შეიძლება, ჩვენ რატომ გვიკრძალავენ იქ დგომას?“, - განაცხადა მარინა ფარულავამ პროცესის დასრულების შემდეგ.

გარემოვაჭრე მარინა ფარულავა გუშინ დააკავეს. მან ზუგდიდის რაიონული სამმართველოს შენობაში თვითდაზიანებაც მიიყენა.