ამერიკული დოლარი სავაჭრო ომის ფონზე ეცემა

შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის სავაჭრო დაძაბულობის ესკალაციის ფონზე, ამერიკული დოლარი წონას კარგავს.

მისი კურსი თითქმის ყველა წამყვან ვალუტასთან წყვილში კლებულობს. დოლარის ინდექსი, რომელიც ექვს წამყვან ვალუტასთან, ამერიკული ვალუტის საშუალო კურსს ასახავს, 0.08 პროცენტით, 94.56-მდე დაეცა.

ყოველივე მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 200 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქციაზე, ტარიფების გაზრდას აპირებს. ამგვარად, მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის დაპირისპირება ახალ, კიდევ უფრო მწვავე ფაზაში გადადის, რომელსაც ჩინეთის მხრიდან, აუცილებლად ექნება გაგრძელება.

ტარიფების ზრდის პროცესი ივლისში დაიწყო, როცა ორივე ქვეყანამ პირველ ეტაპზე, ტარიფები 34 მილიარდი დოლარის პროდუქციაზე გაზარდა. ამას მოჰყვა მეორე ეტაპი, რა დროსაც, ტარიფები ორივემ 16 მილიარდი დოლარის პროდუქციაზე გაზარდა. ამ დროის განმავლობაში არ მოხერხდა მხარეებს შორის პოზიციების დაახლოება. ამიტომ, ტრამპი და მისი ადმინისტრაცია, ტარიფების ზრდის პროცესის გაგრძელებას აპირებენ.

დოლარმა ყველაზე მეტად ფასი იენთან წყვილში დაკარგა. როგორც ცნობილია, იაპონურ ვალუტას ინვესტორები რისკებისგან თავშესაფარ აქტივად იყენებენ იმ პერიოდებში, როდესაც მსოფლიოში სხვადასხვა მიზეზით, პოლიტიკური, ან სხვა ტიპის დაძაბულობა იზრდება. დოლარმა იენთან 0.22 დაკარგა, რის შემდეგაც 1 დოლარის ფასი 110.74 იენამდე ჩამოვიდა.

დასუსტებულ დოლართან ევრო 0.09 პროცენტით გაძვირდა, რის შემდეგაც 1 ევროს ფასი 1.1677 დოლარამდე გაიზარდა. დოლართან 0.06 პროცენტით გაძვირდა სტერლინგი, რომელმაც 1.3005 დოლარს მიაღწია. ამერიკულმა დოლარმა გაჭირვებულ ყოფაში მყოფ თურქულ ლირასთანც კი დათმო პოზიცია, რის შემდეგაც, 1 დოლარის ფასმა 6.5702 ლირამდე დაიკლო.