მომავალში უფრო მეტი მოსახლეობისთვის იქნება ხელმისაწვდომი მედიკამენტებზე ფასები,- ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ პენსიონერებსა და შშმ პირებისთვის ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების ნახევარ ფასად შეძენის შესაძლებლობაზე საუბრისას განაცხადა
აკაკი ზოიძის თქმით, აღნიშნული წამლებზე დანახარჯები მნიშვნელოვანი გამაღარიბებელი ფაქტორია, ხოლო მთავრობის ახალი პროგრამა ასობით ათასი ადამიანის მდგომარეობის გამოასწორებს და მათ აღარ ექნებათ ეს გამაღარიბებელი დანახარჯები.
„ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რადგანაც დანახარჯები წამლებზე გახლავთ მნიშვნელოვანი გამაღარიბებელი ფაქტორი. ეს არის კატასტროფული დანახარჯების წყარო მოსახლეობის ნაწილის, დაახლოებით 30%-ისთვის და ეს ინიციატივა, რეალურად, შეგვაძლებინებს ასობით ათასი ადამიანის მდგომარეობის გამოსწორებას იმით, რომ მათ აღარ ექნებათ ეს გამაღარიბებელი დანახარჯები.
30-მდე ყველაზე ხშირად გამოყენებადი მედიკამენტის ფასების პრაქტიკულად განახევრება და კიდევ უფრო გაიაფდება პენსიონერებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, რაც არის ჯამში დაახლოებით 800 000 ადამიანი.
ეს არის უზარმაზარი შეღავათი - თვეში დაახლოებით 30-40 ლარის დანაზოგი მათი პენსიებიდან. ეს საკმაოდ დიდი ციფრია და ამ თანხის დახარჯვა მათ შეუძლიათ სხვა მიზნებისათვის, რაც მათი სიღარიბისგან დაცვის საშუალებაა.
მომავალში უფრო მეტი მოსახლეობისთვის იქნება ხელმისაწვდომი ეს ფასები აღნიშნულ მედიკამენტებზე, ასევე უნდა გაფართოვდეს მედიკამენტების ჩამონათვალი - როგორც სოციალურად დაუცველთათვის, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და პენსიონერებისათვის. ასევე, ერთი სააფთიაქო ქსელის ნაცვლად ეს გავრცელდება სხვა სააფთიაქო ქსელებზეც.
ასევე, მინდა მოვუწოდო ჩემს კოლეგებს: მკურნალ ექიმებს და ოჯახის ექიმებს, რომ აუცილებლად გამოუწერონ ეს მედიკამენტები იმ დაავადებების მქონე პაციენტებს, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ - ესაა პენსიონერები, შშმ პირები და სოციალურად დაუცველები.
დიდი მადლობა კერძო სექტორს, რომელმაც ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მონაწილეობა მიიღო ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების შეძენა ასაკით პენსიონერებსა და შშმ პირებს 50%-დან 87%-მდე ფასდაკლებით შეეძლებათ.