1-ლი სექტემბრიდან თამბაქოს მანქანიდან გადმოუსვლელად შეძენაც აიკრძალება.
გარდა ამისა, სიგარეტის კოლოფზე გამოჩნდება გაზრდილი მოცულობის პიქტოგრამები, სადაც ასახული იქნება ის დაავდებები, რომელსაც თამბაქოს მოწევა იწვევს. ამის შესახებ „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელმა გიორგი ბახტურიძემ რადიო პალიტრას ეთერში, გადაცემაში „საქმე“ სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, კანონის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა პირველ ჯერზე 2000 ლარით, განმეორების შემთხვევასი კი, 4000 ლარით განისაზღვრება.
ცნობისთვის, 1-ლი სექტემბრიდან თამბაქოს შესახებ კანონით გათვალისწინებული კიდევ ერთი რეგულაცია ამოქმედდება. კერძოდ, თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად რეალიზაცია ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის გარედან, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენა კი 4 000 ლარის ოდენობით.
„კიდევ ახალი რეგულაცია 1-ლი სექტემბრიდან იქნება ის, რომ ასევე იკრძალება მანქანიდან გადმოუსვლელად თამბაქოს შეძენა. აქაც სანქციები იგივეა, 2000 ლარი პირველ ჯერზე და განმეორების შემთხვევაში - 4000 ლარი. ეს ნიშნავს იმას, რომ იგივე ვაჟა-ფშაველას გამზირზე, სადაც რამდენიმე drive tobacco-ა, ეს ჯიხურები კი არ უქმდება, უბრალოდ ფანჯარა ექნება სხვა მხრიდან, რომ მანქანიდან გადმოუსვლელად პირმა იდენტიფიცირების გარეშე ვერ შეძლოს თამბაქოს ნაწარმის შეძენა და ასევე საფრთხე არ შუქმნას მოძრაობას“,-განაცხადა გიორგი ბახტურიძემ.
მისი თქმით, 1-ლი სექტემბრიდან მეწარმეები ასევე ვალდებულები იქნებიან სიგარეტის კოლოფებზე თამბაქოს მოწევით გამოწვეული დაავდებების პიქტოგრამები განათავსონ.
როგორც ბახტურიძემ განაცხადა, გარდამავალი პერიოდი 1-ლი სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე იქნება, ხოლო 1-ლი იანვრიდან ყველა კოლოფზე მსგავსი სურათები უნდა იყოს დატანილი.
„თამბაქოს კოლოფებზე უნდა მოხდეს სამედიცინო გაფრთხილების ზომის გაზრდა. იცით, რომ ეს გაფრთილება 30%-ზე იყო და სურათის გარეშე. ახლა აუცილებელი ხდება სურათის, ანუ იგივე პიქტოგრამის დატანაც და მოცულობაც იზრდება 65%-მდე. ანუ წინა მხარეს უნდა იყოს სურათებრივი გამოსახულება იმ დაავადების, რასაც წარმოშობს თამბაქოს მოხმარება და უკანა სადემონსტრაციო მხარეს იქნება სამედიცინო გაფრთხილება თავისი ცხელი ხაზის ტელეფონის ნომრით. ამისთვის მეწარმეებს, დისტრიბუტორებსა და იმპორტიორებს აქვთ ვალდეულება, რომ 1-ლი სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ბაზარზე მოახდინონ ასეთი ნაწარმის შემოტანა. პარალელურად შეიძლება იყიდებოდეს პიქტოგრამიანი, ისევ ძველი შეფუთვის და დიზაინის სიგარეტები, მაგრამ 1-ლი იანვრიდან უკვე ყველა თამბაქოს კოლოფი უნდა იყოს პიქტოგრამებიანი. ეს პიქტოგრამები ჩვენ ავიღეთ კანადისა და ავსტრალიის მთავრობებისგან, მათ უკვე მისცეს ნებართვა ჯანდაცვის სამინისტროს. უკვე დამტკიცებულია მთავრობის მიერ და ველოდებით, რომ მეწარმეთა გარკვეული რაოდენობა 1-ლი სექტემბრიდან შემოიტანს ახალი შეფუთვის და დიზაინის ნაწარმს“,-განაცხადა გიორგი ბახტურიძემ.