ხმის ჩამხშობის გარეშე ტრანსპორტის მოძრაობა შესაძლოა აიკრძალოს - იდეა მერს

თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება მიმდინარეობს.ამ ეტაპზე ვებგვერდზე 196 მიმდინარე, 193 დაბლოკილი, 465 არშემდგარი იდეა ფიქსირდება. 12 იდეა განხილვის პროცესშია, ორი უკვე შეთანხმებული, 1 კი უარყოფილია.

„ბიზნესპრესნიუსი“ მიმდინარე განცხადებებიდან ერთ-ერთ იდეას გთავაზობთ. კერძოდ, ერთ-ერთი მოქალაქე ხმის ჩამხშობი ნაწილის გარეშე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის აკრძალვას ითხოვს.

„დარწმუნებული ვარ დედაქალაქის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი შეწუხებულია ხმის ჩამხშობი ე.წ. გლუშიტელები"-ს გარეშე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების (მოტოციკლეტები, მანქანები) მფლობელთა თავხედობით, რომლებიც მოსახლეობის გაღიზიანებასა და სამართლიან უკმაყოფილებას ყოველგვარი საჭიროების გარეშე, მხოლოდ ყურადღების მისაპყრობად იწვევენ. ჩემი წინადადებაა მერიამ საკანონმდებლო ინიციატივა შეიმუშაოს და აიკრძალოს ასეთი სატრანსპორტო საშუალებით ქალაქის ქუჩებში გადაადგილება 22-23 საათის შემდეგ ან სულაც ჩაითვალოს ტექნიკურად გაუმართავად და დაჯარიმდეს, რათა მოსახლეობას პატივი სცენ,“-აღნიშნულია განცხადებაში.

აღნიშნულ იდეაზე ხმის მიცემის ვადა მიმდინარე წლის 26 ოქტომბრამდეა.