საკრედიტო საინფორმაციო ბიუროებს ეროვნულ ბანკში რეგისტრაცია მოუწევთ.
აღნიშნული ვალდებულება დღეიდან ამოქმედდა. შესაბამისად, პირი საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქმიანობის განხორციელების მიზნით ვალდებულია 2018 წლის 1 სექტემბრიდან ეროვნულ ბანკში რეგისტრაცია გაიაროს. ამის შესახებ, სებ-ის მიერ დამტკიცებულ „საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესშია“ აღნიშნული.
წესის თანახმად, ბიუროს მიერ რეგისტრაციის მოთხოვნის პროცესში, ასევე, რეგისტრაციის ძალაში ყოფნის პერიოდში, ბიუროს აქტივების არანაკლებ 50% უნდა შეადგენდეს საკუთარ სახსრებს; ასევე რეგისტრაციის მოთხოვნისა და ძალაში ყოფნის პერიოდში, ბიუროს განაღდებული საწესდებო კაპიტალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3,000,000 ლარს.
სებ-მა ასევე დაამტკიცა საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესი, რომლის მიხედვითაც, ბიუროს მონაცემებზე თანაბარი წვდომის უფლება აქვს ყველა სესხის გამცემ ორგანიზაციას, რომელიც თავის მხრივ, ბიუროს სავალდებულო წესით აწვდის ინფორმაციას და აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს.
ამასთან, ბიუროს მონაცემთა ბაზაში მონაცემთა სუბიექტის შესახებ საკრედიტო ინფორმაციის დროულად აღურიცხველობის, არასწორად აღრიცხვის, ხელმისაწვდომობის წესისა და ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესის მოთხოვნების დარღვევა ბიუროს 1 000 ლარით; სებ-ის მიერ წერილობითი მითითებებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა კი 10 ათასი ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.
ამასთან, როგორც აღნიშნული წესების პროექტებში იყო აღნიშნული, 1-ლი სექტემბრიდან გაუქმდა ასევე „შავი სიის“ ტერმინი. კერძოდ, საკრედიტო ამონაწერში "ნეგატიური" სტატუსის ნაცვლად მომხმარებლის/მსესხებლის საკრედიტო ისტორიის შესახებ ფაქტობრივი მონაცემები იქნება ასახული.