სტაჟირება შესაძლოა, სამუშაო გამოცილებად ჩაითვალოს.
აღნიშნული ინიციატივა ფრაქციას „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ ეკუთვნის, რომელსაც ხვალ იურიდიულ კომიტეტზე განსახილველად ამავე ფრაქციის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი წარადგენს. ამასთან, პროექტის მიხედვით, სტაჟიორებს უფლება მიეცემათ, რომ დამსაქმებელთან სამართლებრივი დავა წამოიწყონ.
როგორც დეპუტატი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ინიციატივას უკვე კანონპოექტის სახე აქვს და სტუდენტების სრულ მარდაჭერას იმსახურებს.
ამასთან, ლევან გოგიჩაიშვილი აღნიშნავს, რომ ის სრულიად მზად არის საკითხის სისწორე დაამტკიცოს, როგორც საკომიტეტო მოსმენებზე, ისე პლენარულ სხდომებზე.
„დღევანდელი გადმოსახედიდან, სტაჟირება არ არის შრომითი ურთიერთობა და არ წარმოშობს არანაირ ვალდებულებას მხარეებს შორის. ამასთან დაკავშირებით არსებობს მთავრობის დადგენილებაც, რომლის მიხედვითაც ხდება სტაჯიორების აყვანა როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, ისე კერძო კომპანიებში, მაგრამ სამწუხაროდ, სამართლებრივი დაცულობა სტაჯიორებს არ აქვთ. სხვაგვარად რომ შევხედოთ, გავლილი სტაჟირებიდან რა რჩება სტაჟიორს? მას ეს არ ეთვლება სამუშაო გამოცდილებაში და როდესაც ის კონკურსებში მიიღებს მონაწილეობას, მაგალითად, სახელმწიფო სტრუქტურებში, მას მაინც მოსთხოვენ სამუშაო გამოცდილებას. გამოდის, რომ სტაჟირება არის უბრალოდ ფორმალური მოცემულობა, რომლის იქით, გარდა გარკვეული კონკრეტული შეთავაზებებისა, ხელჩასაჭიდი არაფერია.
ჩვენ გვინდა, რომ სტაჟიორს მივცეთ თავისი დატვირთვა და სტაჟირების აღიარება მოხდეს, როგორც სამუშაო გამოცდილება. ანუ, შევიდეს სამუშაო გამოცდილების ვადაში“,-აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.
მისი თქმით, ამისთვის სტაჟიორებთან მიმართებით სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს ერთიანი ხედვა და პროგრამა, რომლითაც სტაჯიორებს განუსაზღვრავს სხვადასხვა პროფესიებში ფუნქციებს, გარკვეული ვადით.
„ჩვენ გვაქვს 2 მიმართულებით ცვლილება, ერთია საჯარო სამსახურის შესახებ კანონში და მეორეა შრომით კანონზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სტაჟირება არის შრომითი ურთიერთობა და ეს უნდა იყოს მიმაგრებული შრომის კანონზე. დღევანდელი გადმოსახედიდან, სტაჟიორობა არის უფასო მუშა ხელი და დროდაკარგული ადამიანი. მაშინ, როდესაც ეს სადამიანები ხშირად ძალიან ბევრს შრომობენ. ჩვენ გვინდა, რომ ეს შემოვატრილოთ და დამსაქმებლები, ვინც აცხადებენ სტაჟირებას, ადამიანებს შესთავაზონ რეალური პროგრამები. გარდა ამისა, რაც ყველაზე მთავარია, თუ რამე არასასურველი მოხდება, სტაჟიორებს არ აქვთ დამსაქმებელთან სამართლებრივი დავის წამოწყების უფლება. ეს ასე არ უნდა იყოს“,-აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.
მისივე თქმით, აღნიშნული ინიციატივის განხილვა 15 სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან მოხდა და მათ სრულ მხარდაჭერას იმსახურებს.
„შეხვედრაზე მე ვეუბნებოდი მათ, თუ ეს საკითხი თქვენთვის მნიშვნელოვანია, ვიბრძოლებ ბოლომდე, მაგრამ თუ თვლით, რომ ეს თქვენთვის არაფერს შეცვლის, მე შემიძლია კანონპროექტი უკან გამოვითხოვო-მეთქი. თუმცა, აქ იყო ერთიანი მხარდაჭერა და თხოვნა, რომ ეს საკითხი დარეგულირდეს. ამიტომ, მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ ამ საკითხის სისწორე დავამტკიცო. ბევრი ჩემი კოლეგა მხარს გვიჭერს. ხოლო ის, ვინც არ გვეთანხმება, არც არგუმენტები აქვს იმდენად მყარი და დამაჯერებელი, რომ რამე დამაბრკოლებელი შეიქმნას“,-აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.