დედაქალაქში „თბილისური ბაზრის“ ორგანიზების მომსახურების შესასყიდლად ტენდერი გამოცხადდა.
სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 8 სექტემბერს დაიწყება და 11 სექტემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 63 720 ლარია.
პროექტის მიზანი ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა და თბილისში მოღვაწე მიკრო და მცირე მეწარმეების პროდუქციის პოპულარიზაციაა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს გამოფენა-გაყიდვა „თბილისური ბაზრის“ სრული ორგანიზება (საგამოფენო არკა, დახლები, განათება, ტრანსპორტირება, მონტაჟი, დემონტაჟი, დასუფთავება და სხვა). საგამოფენო დახლების რაოდენობა არაუმეტეს 100 ცალი უნდა იყოს.
„გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ თბილისში დამზადებული პროდუქცია. გამოფენაზე არ შეიძლება წარმოდგენილი იყოს თამბაქოს ნაწარმი, სათამაშო ბიზნესი, სასმელები, რომელშიც ალკოჰოლის შემცველობაც აღემატება 15%-ს, ასევე აღნიშნული პროდუქციის სარეკლამო მასალა. ყოველ გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობა უნდა მიიღოს მინიმუმ 50-მა მეწარმემ. მიმწოდებელი თავისუფალია ღონისძიების ადგილის შერჩევაში. მიმწოდებელი ვალდებულია დამოუკიდებლად უზრუნველყოს თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურებიდან/სხვა სტრუქტურებიდან საჭირო ნებართვების აღება. ერთი გამოფენის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს 7-8 სთ-ს. დაწყების სავარაუდო დრო: 15სთ-დან 17სთ-მდე; ხოლო დასრულების - 22სთ-დან 00:00სთ-მდეა,“-აღნიშნული დოკუმენტაციაში.