ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2018 წლის II კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 19,7 პროცენტით გაიზარდა და 19,9 მილიარდი ლარი შეადგინა.
სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2018 წლის II კვარტალში მისი მოცულობა 10,0 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 12,7 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
ამასთან, 2018 წლის II კვარტალში მთლიანი ბრუნვის 43,6 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 23,7 პროცენტი - საშუალო, ხოლო 32,8 პროცენტი - მცირე ბიზნესზე ნაწილდება.
მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 41,2 პროცენტი, საშუალოზე - 25,2 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე - 33,6 პროცენტი.
სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2018 წლის II კვარტალში 13,8 მლრდ ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18,8 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 8,5 მლრდ ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 19,6 პროცენტით მეტი).