კოლეჯებში შესაძლოა, მანდატურის ინსტიტუტი დაინერგოს.აღნიშნულის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა პარლამენტში, პროფესიული განათლების კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„პროფესიული განათლების შესახებ პარლამენტში კანონპროექტი უკვე წარმოდგენილია, რომელსაც 1-ლი მოსმენის შემდეგ გავლილი აქვს საკომიტეტო მოსმენა. დღეს კი, მეორე პლენარული მოსმენის წინ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რამდენადაც მთელ რიგ არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებს, პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლებს და ა.შ. ჰქონდათ გარკვეული შემოთავაზებები კანონპროექტის შეცვლილ რედაქციასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანი შემოთავაზება იყო კოლეჯებში პროფესიული სტუდენტების უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით, რაც გაიზიარა სამინისტრომ. სპეციალური მუხლი უკვე შეტანილია კანონპროექტში. მართლაც მნიშვნელოვანია თითოეული პროფესიული სტუდენტის უსაფრთხოების, მათ შორის მანდატურის შეყვანის შესაძლებლობების შექმნა,“-აღნიშნა გიგაურმა.