ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შეძენილ პროდუქციაზე გადასახადის დაწესება სურთ.
როგორც გასულ კვირას გაფართოვებულ პრესკონფერენციაზე ოკუპირენული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, საქართველოდან აფხაზეთში პროდუქტების არალეგალური მიწოდება ბაზარს ასუსტებს.
"აფსნიპრესის" ინფორმაციით, კონფერენციაზე საოკუპაციო რეჟიმის ე.წ პრეზიდენტმა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან ტვირთბრუნვის ლეგალიზების აუცილებლობაზე ისაუბრა.
"საქმე ისაა, რომ საზღვარზე ადგილი აქვს უკანონო ურთიერთობას საქართველოსთან. ესა თუ ის პროდუქცია, რომელიც აფხაზეთისკენ არის მიმართული ასუსტებს ჩვენს ბაზარს. ფაქტობრივად, ჩვენი პროდუქცია არაკონკურენტუნარიანი ხდება. ფასისა და თვითღირებულების მიხედვით, პროდუქტები, რომლებიც საქართველოდან შემოაქვთ, უფრო იაფია, რადგან საზღვარზე არანაირ პროცედურას არ გადიან. ჩვენ ამ
პროცესის ლეგალიზება გვჭირდება. ყველა პროდუქცია, რომელიც საქართველოდან შემოდის დაფიქსირებული უნდა იყოს", - განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.
გარდა ამისა, სეპარატისტული რეჟიმის ლიდერმა გაიხსენა, რომ მდინარე ენგურზე გამავალ ე.წ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე ომის შემდეგ საბაჟო გადასახადი იყო დაწესებული, რომელზეც მოგვიანებით უარი თქვეს.
"მაგრამ რატომ უნდა გამდიდრნენ ცალკეული ადამიანები და სახელმწიფომ იზარალოს?"- აღნიშნა ხაჯიმბამ.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე ისიც აღნიშნა, რომ გალის რაიონში ვითარება რადიკალურად შეიცვალა და ახლა ის ოკუპირებული აფხაზეთის ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი რაიონია. "ამაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია აფხაზეთის
ხელისუფლების გადაწყვეტილებამ ჩაეკეტა სახელმწიფო საზღვარზე არსებული გამშვები პუნქტები"- განაცხადა ხაჯიმბამ.
ექსპერტ გიორგი კანაშვილის თქმით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე წარმოებული ან შემოტანილი პროდუქცია, ოკუპირებულ აფხაზეთთან შედარებით მართლაც იაფია და ამას მისი თქმით, ორი მიზეზი განაპირობებს - პირველი ის, რომ რუსეთში გაცილებით უფრო მაღალი ფასებია და მეორე, აფხაზეთში ფაქტობრივად არაფრის წარმოება არ ხდება.
"ეს პროდუქცია ე.წ საზღვარს იქით და აქეთ გადააქვს ისევ ქართულ მოსახლეობას, გალელებს, რომლებიც გადმოდიან შეიძენენ გადააქვთ და შემდეგ იქ იყიდება ხოლმე. ამიტომ გალში არსებული ბაზარი ერთ-ერთ ყველაზე ცოცხალი ბაზარია, ისიც სწორედ იქიდან გამომდინარე რომ ეს პროდუქცია გადადის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მხრიდან. შემდეგ გალში სოხუმიდან და სხვა დასახლებული პუნქტებიდან ჩადიან, იძენენ მათთვის საჭირო პროდუქციას"- აღნიშნა ექსპერტმა.