შიდა ფრენებს 4 წლის განმავლობაში „აკ-ეარ ჯორჯია“ განახორციელებს

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ შიდა ფრენების სუბსიდირებაზე გამოცხადებულ ტენდერში „აკ-ეარ ჯორჯიამ“ გაიმარჯვა.

შესაბამისად, მომავალი 4 წლის განმავლობაში შიდა ფრენებს სწორედ ეს კომპანია შეასრულებს. აღსანიშნავია ისიც, რომ „აკ-ეარ ჯორჯია“ ერთადერთი კომპანია იყო, რომელმაც „საქართველოს აეროპორტების“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში მიიღო მონაწილეობა. 

ცნობისათვის, თავდაპირველად შიდა ფრენების სუბსიდირებაზე ტენდერი „აეროპორტების გაერთიანებამ" ივლისის დასაწყისში გამოაცხადა, თუმცა მასში მონაწილეობა არც ერთმა კომპანიამ არ მიიღო და შესაბამისად, ის ჩაშლილად გამოცხადდა. ახალი ტენდერი 31 ივლისს გამოცხადდა, წინადადებების მიღება კი 16 აგვისტოს დასრულდა. ტენდერში წინადადება მხოლოდ ერთმა კომპანიამ - „აკ-ეარ ჯორჯიამ“ წარადგინა. აღნიშნული კომპანია შიდა ფრენებს აქამდეც ახორციელებდა.

სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება, მომდევნო 4 წლის განმავლობაში მცირე ზომის საჰაერო ხომალდით საორიენტაციოდ 2248 რეისი შეასრულოს, საშუალო ზომის ხომალდით კი 2487 რეისი, რისთვისაც სახელმწიფოს 49 556 914 ლარი აქვს გათვალისწინებული.

ამასთან, სატენდერო პირობებით, კომპანიამ მგზავრთა გადაყვანა ერთი, არანაკლებ 15 ადგილიანი და ერთი, არანაკლებ 30 ადგილიანი საჰაერო ხომალდით უნდა უზრუნველყოს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, რეისები უნდა შესრულდეს მესტია-ქუთაისი-მესტია; ნატახტარი-მესტია-ნატახტარი; ნატახტარი-ამბროლაური-ნატახტარი და თბილისი-ბათუმი -თბილისის მიმართულებით. ავიაბილეთების რეალიზაცია კი შემსყიდველის მიერ განსაზღვრული ფასით უნდა განხორციელდეს.