საქართველოში იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტარო კონოს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და იაპონიის საერთაშორისო სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტმა ნორიკო სუზუკიმ ხელი მოაწერეს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პროექტის (ფაზა ორის) სასესხო შეთანხმებას.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის დასაფინანსებლად, იაპონიის მთავრობა საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მეშვეობით, საქართველოს გამოუყოფს ფინანსურ რესურსს შეღავათიანი სესხის სახით 343 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით.
პროექტი ითვალისწინებს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ერთ-ერთი რთული შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის საავტომობილო გზის მშენებლობას. აღნიშნული პროექტისთვის გამოყენებული იქნება იაპონური ტექნოლოგიები.
პროექტის დასრულება იგეგმება 2023 წლის პირველ კვარტალში. პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს.
როგორც ცნობილია, უბისა-შორაპანის მონაკვეთზე ცემენტ-ბეტონის 4-ზოლიანი 13 კმ-იანი გზა, 27 ხიდი და 18 გვირაბი აშენდება. რიკოთის უღელტეხილზე დაგეგმილია სულ 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. ჩუმათელეთი-არგვეთას მონაკვეთი E60 ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და ერთ-ერთი ურთულესი მონაკვეთია.
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი (I სექცია) 11.7 კმ, ხევი-უბისას მონაკვეთი (II სექცია) 12,2 კმ, უბისა-შორაპანის მონაკვეთი (III სექცია) 13 კმ. შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი (IV სექცია) 14,7კმ.