იანვარ-ივნისში სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების რაოდენობა შემცირდა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 100 ათასი ტონით შემცირდა.

კერძოდ, 2018 წლის იანვარ-ივნისში, გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 18 მილიონი ტონა შეადგინა, მაშინ როცა 2017 წლის მონაცემით, 18,1 მლნ ტონა იყო.

სატრანსპორტო დარგების მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა კი წინა წელთან შედარებით 4,9 მლნ მგზავრით გაიზარდა. კერძოდ, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში 167,2 მლნ მგზავრის გადაყვანა მოხდა; 2017 წლის იანვარ-ივნისში კი ეს ციფრი 162,3 მლნ იყო.

2018 წლის იანვარ-ივნისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა 8,3 მლნ ტონიდან 7,9 მილიონ ტონამდე შემცირდა. ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა კი 36,432 ერთეულით გაიზარდა. კერძოდ, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში 215,057 კონტეინერი, 2017 წლის ამავე პერიოდში კი 178,625 კონტეინერი გადამუშავდა.