შრომის ინსპექტორების მიერ აგვისტოში საწარმოების შემოწმების შედეგად 9 ტიპის შეუსაბამობა დაფიქსირდა

1-ელი აგვისტოდან, მას შემდეგ, რაც შრომის ინსპექტორებს მომეტებული საფრთხისშემცველი და საშიშპირობებიანი სამუშაოების მქონე საწარმოების სასამართლოს ნებართვის გარეშე შემოწმების უფლება მიეცათ, მათ 17 საწარმო შეამოწმეს, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, შემოწმებული კომპანიებიდან გაფრთხილება ყველას მიეცა. შემოწმებული კომპანიების ჩამონათვალი ასეთია: შპს „რუსთავი სთილ კორპორეიშენ კომპანი“, შპს „გეგმეტი“, შპს „მედაირი“, სს „ხრამი“, შპს „ჯეოსთილი“, შპს „ჯორჯიან ბილდინგ გროუფ“, შპს „კრიალა“, შპს „აკაკი“, შპს „კარიერი“, შპს „კრაფტი“, შპს „ხრამჰესი“, შპს „მტკვარი ენერჯი“, შპს „ზდ ნავთობის კომპანია“, შპს „ევროტექსი“, შპს „ვესტა ტექსტილი“, შპს „ვოგგ“ და შპს „პოლიმერ პლასტი“.

რაც შეეხება დარღვევებს, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საწარმოების შემოწმების შედეგად 9 ტიპის შეუსაბამობა დაფიქსირდა. კერძოდ, არ არსებობდა წერილობითი დოკუმენტი თანმიმდევრული პრევენციული ღონისძიებების პოლიტიკის შესახებ, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა სამუშაო სივრცეში და სამუშაო ადგილებზე საფრთხეების იდენტიფიცირების, რისკის შეფასების და მართვის სისტემაზე; არ ხდებოდა საწარმოო გარემოს ფიზიკური ფაქტორების გათვალისწინება (მათ შორის, ტემპერატურა, ტენიანობა, ჰაერის მოძრაობის სიჩქარე, სითბური გამოსხივება, საწარმოო ხმაური, ვიბრაცია, უპირატესად ფიბროგენული მოქმედების აეროზოლები - მტვერი, განათება; არ მოწმდებოდა ამწე- მოწყობილობების უსაფრთხოების მდგომარეობა; არ იყო გამოყოფილი ზედამხედველი პირი, რომელიც გააკონტროლებდა ალკოჰოლური, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფ დასაქმებულებს და მათ სამუშაოზე არ დაუშვებდა; არ ხდებოდა პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის აუცილებელი ზომების მიღება; საწარმო არ იყო აღჭურვილი კოლექტიური დაცვის საშუალებებით. კერძოდ, არ იყო მოწყობილი ბუნებრივი და ხელოვნური სავენტილაციო სისტემა. დასაქმებულებს არ უტარდებოდათ შრომის უსაფრთხოების შესახებ სწავლება ან ინსტრუქტაჟი; ამასთან, ისინი არ იყვნენ აღჭურვილები აუცილებელი ეფექტური ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით; საწარმოო ხმაურის დონე აღემატებოდა ზღვრულად დასაშვებ დონეს.

შეგახსენებთ, რომ 1-ელი აგვისტოდან „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც, შრომის ინსპექტორებს უფლება აქვთ, დასაქმებულთა შრომის პირობები ორგანიზაციის გაუფრთხილებლად შეამოწმონ. პირველ ეტაპზე კანონი მომეტებული საფრთხისშემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე გავრცელდა.