ჩინეთის ხელისუფლება აფრიკაში 60 მილიარდი დოლარის ჩადებას გეგმავს. ამის შესახებ სი ზიანპინმა ჩინეთ-აფრიკის თანამშრომლობის ფორუმზე (FOCAC-2018) განაცხადა.
„ჩინეთი აპირებს აფრიკის ქვეყნებისთვის 60 მილიარდი დოლარის გამოყოფას ინვესტიციების, კრედიტების და დახმარების სახით და უახლოეს სამ წელიწადში მოხდება ამ თანხიდან 10 მილიარდის ინვესტირება. ამ 60 მილიარდიდან 15 მილიარდი დახმარება იქნება, უპროცენტო კრედიტის სახით ქვეყნები 20 მილიარდს მიიღებენ, ხოლო ჩინეთ-აფრიკის სპეციალურ ფონდში მოხდება 10 მილიარდის ინვესტირება“, - განაცხადა სი ძიანპინმა.
ჩინეთის ლიდერის განცხადებით, მისი ქვეყანა სულ ცოტა 1 მილიარდი იუანის (146,6 მილიონი დოლარი) დახმარებას გაუწევს აფრიკულ ქვეყნებს სოფლის მეურნეობის განვითარებაში და გააგზავნის დარგის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს ამ კონტინენტზე.
ის ასევე განაგრძობს სამხედრო დახმარების გაწევას აფრიკის კავშირისთვის და ამ მიზნით შექმნის სპეციალურ ჩინურ-აფრიკულ მშვიდობის ფონდს.
ამასთან, სი ძიანპინის თქმით, დახმარების მიუხედავად ჩინეთი არ აპირებს ჩაერიოს ქვეყნების შიდა პოლიტიკაში.
ფორუმი FOCAC ჩინეთისა და აფრიკული ქვეყნების მონაწილეობით 2000 წლიდან იმართება. ამ დროისთვის ჩინეთი აფრიკაში 3 ათასზე მეტ პროექტს ახორციელებს.
კოკა კვირკველია