დაექვემდებარება თუ არა გამკაცრებულ ჯარიმებს თბილისში საარჩევნო პლაკატების გაკვრა

წინასაარჩევნო კამპანია უკვე ერთი კვირაა დაიწყო.

თუმცა დედაქალაქში საარჩევნო პლაკატების გაკვრა ჯარიმას დაექვემდებარება თუ არა, მერიას გადაწყვეტილი ჯერ კიდევ არ აქვს. შესაბამისად, უცნობია, გამკაცრებული რეგულაციები, რომლებიც სულ ახლახანს შევიდა ძალაში, პოლიტიკურ რეკლამაზე როგორ აისახება. როგორც მერიის ზედამხედველობის სამსახურში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, „ჩატარდება მოკვლევა, რის შემდეგაც დაიწყება წარმოება“.

ეს მაშინ, როდესაც 28 აგვისტოდან თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯებისთვის ჯარიმები 4-ჯერ გაიზარდა.

კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, დედაქალაქში სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილებზე, პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვება – 200 ლარით ჯარიმდება.

ორჯერ გაიზარდა იმავე ქმედების განმეორებით ჩადენისას ჯარიმის ოდენობაც და კანონის დამრღვევს 500 ლარის ნაცვლად 1000 ლარის გადახდა მოუწევს.

ამასთან, სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილებზე გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. განმეორებით აღნიშნული ფაქტის ჩადენაზე ჯარიმა 1000-დან 2 000 ლარამდე გაიზარდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში როგორ დარეგულირდება სარეკლამო პლაკატების საკითხი, რისთვისაც მერიის ზედამხედველობის სამსახურს დაუკავშირდა. თუმცა უწყებაში აცხადებენ, რომ ჯერ ისევ „მოკვლევა“ მიმდინარეობს.

„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა და ერთიანი ინფორმაცია როდესაც ექნება სამსახურს, მერე დაიწყება უკვე წარმოება“,-აცხადებენ მერიაში.

ნინი ქეთელაური