IDFI საეთერო მედიის მონოპოლიზაციის რისკებს ხედავს

IDFI- ის განცხადებით, კომერციული საეთერო მაუწყებლობის მულტიპლექს ოპერატორების შესარჩევი კონკურსი ხარვეზებით მიმდინარეობს.

მათი ინფორმაციით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი საკონკურსო პირობები გარკვეულ რისკებს შეიცავს გამოხატვის თავისუფლებისა და მედია პლურალიზმის ხელყოფის კუთხით.

”საკონკურსო პირობებით დაშვებულმა რეგულაციებმა შესაძლოა, ხელი შეუშალოს სამაუწყებლო ბაზრის სწორ განვითარებას, საქართველოში წარმოებული სამაუწყებლო კონტენტის მოცულობის და ხარისხის ზრდას. სამწუხაროა, რომ მიუხედავად დაპირებისა, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, გადაწყვეტილებაში სრულად არ ასახა ის დასაბუთება, რომელსაც დაეფუძნა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ კონკრეტულ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება. საკონკურსო პირობებით განაწილებული სიხშირული ლოტები დასაწყისშივე მოიცავს საეთერო მედიის მონოპოლიზაციის რისკებს. უფასო საეთერო მაუწყებლობისათვის განკუთვნილი მულტიპლექს პლატფორმები (MUX A-სა და MUX B-ზე) შესაძლოა აღმოჩნდეს ერთი მფლობელის მართვის ქვეშ, რაც ჩამოაყალიბებს მონოპოლიას საეთერო პლატფორმის შიგნით. უმნიშვნელოვანეს პრობლემად მიგვაჩნია ის საკითხი, რომ დასაშვებად არის მიჩნეული ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების მიერ ლიცენზიის მფლობელობა. სამწუხაროა, რომ ამ მიმართულებით 2011 წლის ბოლოს მედიის მფლობელობის გამჭვირვალობისთვის შემოღებული უმნიშვნელოვანესი რეგულაცია შეიცვალა უარესობისკენ. "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონის შესაბამისად დადგენილია გარკვეული აკრძალვები სიხშირული ზოლის ლიცენზიების კონცენტრაციისათვის. აღნიშნული კანონის შესაბამისად კომისიის გადაწყვეტილებით, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება შეიძლება შეეზღუდოს იმ პირს, რომელიც ხდება რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთის 25 პროცენტის ან მეტის მფლობელი”,- ნათქვამია IDFI- ის განცხადებაში.