პროფესიული განათლების შესახებ კანონში ცვლილებები შედის.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რასაც კანონპროექტი ითვალისწინებს, ინტეგრირებული სასწავლო პროგრამების დანერგვაა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროფესიული კოლეჯის სტუდენტები უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას შეძლებენ. ინიციატივა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეკუთვნის. ინტეგრირებული პროგრამებით სარგებლობას 2019 წელს ჩარიცხული სტუდენტები შეძლებენ. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი პროფესიულ სასწავლებლებთან დაკავშირებით ახალი კანონის მიღებას საშემოდგომო სესიაზე აპირებს.
პროფესიული კოლეჯების ასოციაციაში სიახლეებს მიესალმებიან. ორგანიზაციის წარმომადგენლის განმარტებით, საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება პროფესიული განათლების ერთ-ერთი მნივნელოვანი გამოწვევა იყო.
ასოციაციის ხელმძღვანელის განმარტებით, ინტეგრირებული სასწავლო პროგრამების დანერგვა პროფესიული განათლების შესახებ კანონში არსებულ „ჩიხებს“ აღმოფხვრის.
„საბაზისო განათლების მქონე, ანუ 9 კლასის სასკოლო განათლების მოსწავლე, პროფესიულ განათლებაში შესვლის შემდეგ, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელებას ვეღარ ახერხებდა. ეს იყო ძალიან დიდი პრობლემა და ამის გამო ბევრი პროფესიულ კოლეჯში ჩაბარებაზე უარს ამბობდა. ინტეგრირებული პროგრამების დანერგვის შემდეგ კი პროფესიული კოლეჯის სტუდენტი მიიღებს დიპლომს, რომელიც გათანაბრებული იქნება სკოლის ატესტატთან.“-აცხადებს გიორგი ბერაია.
მისივე განმარტებით, პროფესიული კადრების სიმცირე დღეისთვის ნებისმიერი ბიზნესის პრობლემაა.
„პროფესიული კოლეჯების სტუდენტების დასაქმების მაჩვენებელი 80-90%-ს აღწევს. დღეისთვის კერძო პროფესიულ კოლეჯში დაახლოებით, 5 000 სტუდენტი სწავლობს. წლიური გადასახადი კი საშუალოდ, 1500 ლარია. სახელმწიფო კოლეჯებში სწავლა უფასოა.“-აცხადებს ბერაია.
მისივე ინფორმაციით, დღეისთვის საქართველოში 44 კერძო და 23 სახელმწიფო კოლეჯია.
ქრისტინე გამთენაძე