მსოფლიო ბაზრების ყურადღების ცენტრში, ისევ განვითარებულ ქვეყნებს შორის გამწვავებული სავაჭრო ურთიერთობებია.
ოღონდ, ყურადღების ცენტრში ამჯერად არა აშშ-ჩინეთის, არამედ აშშ-კანადის ურთიერთობა და ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაა (NAFTA).
შეერთებულმა შტატებმა, ამ შეთანხმების ფარგლებში, მექსიკასთან წინასწარ თანხმობას უკვე მიაღწია. ახლა უკვე კანადის ჯერია. მაგრამ ორ ქვეყანას შორის გასულ კვირაში გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. მოლაპარაკება ამ კვირაშიც გაგრძელდება, თუმცა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, კანადურ მხარეს პარასკევამდე მისცა ვადა, რომ აშშ-მექსიკას შორის მიღწეულ შეთანხმებას შეუერთდეს (ფოტოზე: დონალდ ტრამპი და კანადის პრემიერ მინისტრი ჯასტინ ტრუდო).
უფრო მეტიც, ტრამპმა საკუთარ ტვიტერზე დაწერა, რომ არ არსებობს NAFTA-ს შეთანხმებაში კანადის მონაწილეობის აუცილებლობა და გააფრთხილა კონგრესი, რომ არ ჩაერთოს მოლაპარაკებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალმხრივად შეწყვეტს სამმხრივ სავაჭრო პაქტს.
აშშ-ის კანონმდებლებმა განაცხადეს, რომ გაუჭირდებათ მექსიკასთან მიღწეული შეთანხმების დამტკიცება, თუ მასში კანადაც არ ჩაერთვება. ამის მიზეზი ისაა, რომ მის დასამტკიცებლად, დემოკრატების თანხმობაც იქნება აუცილებელი.
გარდა ამისა, ამავე კვირაში არის მოსალოდნლი შეერთებული შტატების მიერ, 200 მილიარდი დოლარის ჩინურ პროდუქციაზე ტარიფების გაზრდა. ამ ნაბიჯის გადადგმით, მსოფლიოს ორი უდიდესი ეკონომიკის დაპირისპირება ახალ, უფრო მწვავე ფაზაში გადავა.
ამ კვირის მნიშვნელოვან მოვლენებს შორის, უდაოდ არის შეერთებული შტატების შრომის ბაზრის სტატისტიკა (პარასკევს გამოქვეყნდება). ივლისში სულ 157 000 ახალი სამუშაო ადგილი დაფიქსირდა. ანალიტიკოსების მოლოდინი აგვისტოში 190 ათასია. მათივე პროგნოზით, უმუშევრობის დონე 3.9-დან 3.8 პროცენტამდე დაიწევს.
ინვესტორთა მხრიდან ყველაზე მეტი ყურადღება კი საათობრივი ანაზღაურების მაჩვენებლებისკენ იქნება მიპყრობილი. პროგნოზით, ზრდის მაჩვენებელი 0.2 პროცენტი უნდა იყოს. წინა თვეში ის 0.3 პროცენტი იყო. წლიური გადაანგარიშებით, საათობრივი ანაზღაურების ზრდა ისევ 2.7 პროცენტის დონეზე დარჩება.
შრომის ბაზრის ეს მონაცემები მნიშვნელოვანია ფედრეზერვისთვის, რომელმაც 25-26 სექტემბრის შეხვედრაზე, მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ბაზარი იმის მოლოდინშია, რომ ცენტრალური ბანკი დოლარზე საპროცენტო განაკვეთს წელს კიდევ ორჯერ გაზრდის. ამ მოლოდინის შესაბამისად, ერთი ზრდა სწორედ სექტემბერში შესრულდება. ოღონდ, შრომის ბაზრის სტატისტიკა, პროგნოზთან ახლოს უნდა იყოს.
ამავე კვირაში გამოქვეყნდება ჩინეთის საერთაშრისო ვაჭრობის სტატისტიკა და ბრიტანეთის მომსახურების, მრეწველობის და სამშენებლო სფეროს შესყიდვების ინდექსები. კანადის ბანკი კი მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას მიიღებს.