როგორც „როიტერსის“ მიერ ორგანიზებული გამოკითხვა აჩვენებს, შანსი იმისა, რომ ბრიტანეთი ევროკავშირიდან ხელშეკრულების გაფორმების გარეშე გავა, ოთხში მხოლოდ ერთია. ამასთან, იმავე გამოკითხვის მიხედვით, ინგლისის ბანკი ალბათ „ბრექსიტს“ დაელოდება, სანამ სტერლინგზე განაკვეთის აწევას გადაწყვეტს.
პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ირწმუნება, რომ მის მიერ „ბრექსიტის“ შემუშავებული გეგმა, ბიზნესისთვის ხელსაყრელია. მაგრამ დრო მიდის და ევროკავშირთან მოლაპარაკებები ფაქტობრივად, ადგილიდან არ იძვრის. მხარეებს დაახლოებით ორი თვე დარჩათ, სანამ პირობებს შეათანხმებენ (მისი ხელმოწერის შემდეგ, ის პარლამენტებმაც უნდა დაამტკიცონ), მაგრამ ისინი ხელშეკრულების ძირითად საკითხებზე ჯერჯერობით მხოლოდ მსჯელობენ. უფრო მეტიც, მეის გეგმას, მისი თანაპარტიელების ნაწილიც კი არ ეთანხმება.
მეის კაბინეტის ყოფილი წევრი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ბორის ჯონსონი ირწმუნება, რომ ბრექსიტის მისეული გეგმა ბრიტანეთისთვის კატასტროფული იქნება. გეგმას მოწინააღმდეგეები ბრიტანეთის გარდა ევროკავშირშიც ჰყავს.
მართალია, ეკონომისტები და ანალიტიკოსები ქვეყნის ეკონომიკის რეცესიის შანსებს ვერ ხედავენ, მაგრამ გაურკვევლობა იმისა, თუ როგორი იქნება ევროკავშირთან ვაჭრობა აპრილიდან მოყოლებული, ბევრ კითხვას ბადებს. გარდა ამისა, გლობალური სავაჭრო ომის გამწვავების გათვალისწინებით, პოსტბრექსიტული ბრიტანეთის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შემცირდა. კერძოდ, თუ ადრინდელი პროგნოზით, მომავალ წელს ქვეყნის ეკონომიკის ზრდა 1.5 პროცენტი უნდა ყოფილიყო, გადახედვის შემდეგ ის 1.4 პროცენტამდე შემცირდა.
პრობლემების მომასწავებელია ის გარემოება, რომ მრეწველობისთვის გასული აგვისტო, ბოლო ორ წელიწადში ყველაზე სუსტი იყო. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიო ეკონომიკის შენელება და „ბრექსიტის“ ფაქტორი, ბრიტანულ ეკონომიკაზე უარყოფითად უკვე აისახება.
„ბრექსიტის“ რეფერენდუმის შემდეგ, ინფლაციამ ზრდა დაიწყო, რაც ძირითადად სტერლინგის დასუსტების შედეგია. ის ინგლისის ბანკის მიზნობრივ 2-პროცენტიან ზღვარს ასცდა და როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ნორმას მომავალი წლის ბოლომდე არ დაუბრუნდება. „როიტერსის“ გამოკითხვის შესაბამისად, განაკვეთის 1.5-პროცენტიან დონემდე აწევა 2020 წლამდე მოსალოდნელი არ არის.
მერაბ ლორთქიფანიძე