კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ განაცხადა, რომ კანადა ხელს არ მოაწერს NAFTA-ს განახლებულ ხელშეკრულებას, ვიდრე მასში არ გაჩნდება პუნქტი კანადური მედიის დაცვის შესახებ, რომელიც ამერიკულ მედია გიგანტებს კანადური მედიასაშუალებების ყიდვას აუკრძალავს.
„კანადელებისთვის მიუღებელია, რომ ამერიკულმა ქსელებმა შეიძინონ კანადის მედია ფილიალები, ეს იქნება გაზეთები თუ ტელევიზიები. ეს იქნებოდა უარის თქმის ტოლფასი ჩვენს სუვერენიტეტზე და ჩვენს იდენტურობაზე და ამას ჩვენ უბრალოდ არ მივიღებთ“, - განაცხადა ტრიუდომ სპეციალურ ბრიფინგზე, იუწყება ტელეკომპანია CBS.
მანვე დასძინა, რომ მათ ნათლად გააგებინეს ამერიკულ მხარეს რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა კანადელებისთვის ფუნდამენტური საკითხია.
ცნობისთვის აშშ-ს ასე პირდაპირ არ წამოუყენებია კულტურული საქმიანობის აქციების შესყიდვის საკითხი, თუმცა საკუთარ ანგარიშში „უცხოური სავაჭრო ბარიერები 2018“ ამერიკის სავაჭრო წარმომადგენელი, რობერტ ლეიტჰაიზერი ახსენებს კონკრეტულ კვოტებს კანადური წარმოების კონტენტზე, რომელიც დადგენილია კანადის რადიო-სატელევიზიო კომისიის მიერ. ის ასევე გამოთქვამს უკმაყოფილებას კომისიის მიერ „სუპერბოულის“ ჩვენების ექსკლუზიურ უფლებაზე.
აშშ-სა და კანადას შორის მოლაპარაკებები დღესაც გრძელდება, სადაც განიხილავენ ახალ პარამეტრებს ხელშეკრულებისა, რომელიც, ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, NAFTA-ს ჩაანაცვლებს.
კოკა კვირკველია