ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის აგვისტოს თვის მონაცემებით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 44%-ით გაიზარდა.
„აეროპორტების გაერთიანების“ ცნობით, აგვისტოს თვეში ქუთაისის აეროპორტი 72 210 მგზავრს მოემსახურა (2017 წლის აგვისტო 50094 მგზავრი).
“საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის ქეთევან ალექსიძის განცხადებით, მგზავრთნაკადის ზრდის კუთხით მოლოდინი მომავალ თვეებშიც პოზიტიურია.
„რაც შეეხება ზრდას რეისების რაოდენობის მიხედვით, ზრდა ამ კუთხითაც ფიქსირდება. 2018 წლის აგვისტოში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 245 რეისი შესრულდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 15%%-ით მეტია (2017 წლის აგვისტო 213 რეისი).
2018 წლის 8 თვის მონაცემებით, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 382325 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35%-ით მეტია. (2017 წლის 8 თვე - 283355 მგზავრი)“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.