თბილისის მერიას მოქალაქის ჭაში ჩავარდნის გამო, მისთვის ზიანის ანაზღაურება დაეკისრა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს.
როგორც ორგანიზაციის ინფორმაციაშია ნათქვამი, მოპასუხეებს, შპს „თბილსერვის ჯგუფსა“ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას სოლიდარულად დაეკისრათ მოქალაქისათვის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.
„2014 წლის 1 ივლისს მოსარჩელე ღამის საათებში 5-6 მეტრის სიმაღლიდან ჩავარდა ქ. თბილისში არსებულ ერთ-ერთ საკანალიზაციო ჭაში (წყალარინში), სადაც 18 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. მოქალაქის ჭაში ჩავარდნა გამოიწვია ჭის თავსახურის დაზიანებამ. საფრთხის არსებობის შესახებ ჭასთან არ იყო განთავსებული რაიმე ტიპის აღნიშვნა, რაც დაზარალებულს აფიქრებინებდა საფრთხის შესახებ. შემთხვევის შედეგად მოქალაქეს ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა და გრძელვადიანი სამედიცინო მკურნალობა.
მოპასუხეების მტკიცებით, მოსარჩელე არ მოძრაობდა ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ტერიტორიაზე, ჭა იყო დახურული, ასევე არ მიმდინარეობდა ჭის რემონტი ან რეაბილიტაცია, შესაბამისად, ჭასთან არ ყოფილა გამაფრთხილებელი ნიშნების საჭიროება. ამასთან, ქ. თბილისში არის 30 000-მდე ჭა და მათი ყოველდღიური კონტროლი შეუძლებელია ადმინისტრაციული ორგანოსთვის.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეების არგუმენტები და მიიჩნია, რომ არსებობდა მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობები.
სასამართლოს მოსაზრებით განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ზიანი, რომელიც გამოხატულია მოსარჩელის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებაში, ხოლო მართლსაწინააღმდეგო ქმედება კი, გამოხატულია მოპასუხე მხარეების უმოქმედობაში. კერძოდ, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ვალდებულებას წარმოადგენდა ზემოთ აღნიშნული ჭის მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალი სანიაღვრე ჭების შეკეთება, ახალი ჭის მოწმობა, დაზიანებული კოლექტორის შეკეთება, სანიაღვრე სისტემის შესაბამის გამართულ და მოწესრიგებულ მდგომარეობაში მოყვანა ან გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსება, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში არ ჰქონია ადგილი. ამასთანავე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვალდებულებას წარმოადგენდა განეხორციელებინა ტექნიკური კონტროლი ან/და შეემოწმებინა შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ გაწეული მომსახურეობა, რაც არაჯეროვნად შესრულდა მოპასუხეების მხრიდან“, - ნათქვამია საია-ს ინფორმაციაში.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საია-ში განუმარტეს, საქმე ეხება 2014 წელს მომხდარ შემთხვევას, რის შემდეგაც საია-მ სამართლებრივი დავა დაიწყო. მათივე განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმეზე გადაწყვეტილება 2016 წელს მიიღო, თუმცა მოპასუხე მხარემ გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. ორგანიზაციის პრესსამსახურის განმარტებით, უზენაესმა სასამართლომ საქმე წარმოებაში არ მიიღო და შესაბამისად, თბილისის მერია და „თბილსერვის ჯგუფი“ ვალდებული არიან, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეასრულონ.