გაზეთ „ჰურიეთთან“ საუბრისას, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ინფლაცია მალე ერთნიშნა რიცხვამდე შემცირდება.
თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, თუ რა კონკრეტული ქმედება გამოიწვევს ამას. პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა სავალუტო კრიზისს წარმატებით გაართმევს თავს.
ამჟამად ინფლაციის მაჩვენებელი 18 პროცენტს აღწევს. წლის განმავლობაში, ლირა დოლართან წყვილში, თითქმის 43 პროცენტით არის გაუფასურებული. ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ლირის ასეთი გაუფასურება, მონეტარული პოლიტიკაში ერდოღანის ჩარევის მცდელობით არის გამოწვეული, რადგან სურს, რომ ლირაზე საპროცენტო განაკვეთი დაბალი იყოს, რამაც ბიზნესი უნდა წაახალისოს. ეს კი ინვესტორთა შეშფოთებას და ახალი ინვესტიციებისგან თავის შეკავებას იწვევს.
ერდოღანის თქმით, უცხოელი ინვესტორები კვლავაც არ ერიდებინ თურქულ ეკონომიკაში ინვესტირებას. „ექსპორტის მხრივ, ჩვენ კარგი მდგომარეობა გვაქვს. პრობლემა არაა, ამასაც გავუმკლავდებით. ჩვენი საქმე წარმატებული იქნება. ინფლაციას ერთნიშნა მაჩვენებლამდე შევამცირებთ“, - ამბობს ყირგიზეთიდან დაბრუნებული ერდოღანი და მიაჩნია, რომ მაღალი საპროცენტო განაკვეთი, ინფლაციის ზრდას უწყობს ხელს.
აგვისტოში ინფლაციის წლიური მაჩვენებელი 17.9 პროცენტამდე გაიზარდა, რაც ენერგიაზე და საკვებზე ფასების ზრდამ გამოიწვია. სტატისტიკა მოწმობს, რომ ინფლაცია ასეთი მაღალი 2003 წლის შემდეგ არ ყოფილა. დღეს ერთი დოლარი 6.6959 ლირა ღირს, რაც მცირედით მეტია, ვიდრე წინა დღეებში დაფიქსირებული კურსი. ქვეყნის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი ლირის საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას 13 სექტემბერს მიიღებს.
მერაბ ლორთქიფანიძე