კახეთში ხორბლის დიდი ნაწილი განადგურდა

”თავიდან კარგი პირი უჩანდა, მაგრამ შემდეგ რატომღაც ჯეჯილი აღარ გაიზარდა. ახლა 1 ჰა-ზე 1 ტონას მივიღებთ”

კახეთში ხორბლის ნათესები განადგურებულია. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა ივრის ზეგანსა და შირაქის ველზეა. მიზეზი - გვალვა და სწრაფი გაუდაბნოების პროცესია. გარდა ამისა, ძალიან დაბალია ქერის მოსავალი. ამასთანავე, სიღნაღის რაიონში გახმა ახლადგაშენებული 100 ჰექტარი ვენახი.

ქიზიყელები ”ბიზნეს-რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავენ, რომ პირველი შემთხვევაა, როდესაც მშრალი ჰავის გამო, ხორბლის ნათესი დიდი ფართობები განადურდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის უფროსის, ბონდო ბოღაშვილის ინფორმაციით, სიღნაღის რაიონში ხორბალი 19 790 ჰექტარზე დაითესა, აქედან 16 100 საშემოდგომო ხორბალია, 3690 საშემოდგომო ქერი. 4995 ჰექტარ ხორბლის ყანაში კომბაინი აღარ შევა, ვინაიდან 100%-ით განადგურებულია. დაახლოებით, 3000 ჰექტარზე მხოლოდ 400-700 ტონა ხორბლის მოსავალს ელოდებიან. შედარებით უკეთესი მდგომარეობაა ალაზნის ველზე. ზოგიერთ ნაკვეთზე, 1 ჰექტარზე 3-4 ათას ხორბლის მოსავლის მიღებაა შესაძლებელი, თუმცა ასეთი ფართობები არც ისე ბევრია.

”განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ივრის ზეგანზე, ქვემო მაჩხაანში ყარაღაჯი-მილარის ტერიტორიაზე მიმდინარეობს გაუდაბნოება. გარდა მარცვეული კულტურებისა, 100 ჰექტარზე ახლადგაშენებული ვენახი გახმა”,- ამბობს ბონდო ბოღაშვილი.

ფერმერი მიხეილ ყანდაშვილი ამბობს, რომ ხორბლის მოსავალთან დაკავშირებით მთელ კახეთში არასახარბიელო მდგომარეობაა. 1 ჰექტარზე საშუალო მოსავალი, სავარაუდოდ, 1 ტონა იქნება.

”კახეთში რთული მდგომარეობაა. გვალვების გამო, ზოგ რაიონში ხორბლის მოსავალი საერთოდ არ არის. გვაქვს ინფორმაცია, რომ შირაქსა და ალაზნის ველზეც საშუალო მოსავალი 1 ჰექტარზე მხოლოდ 1 ტონა იქნება. ახლახანს შირაქში ქერის მოსავალი ავიღეთ და 1 ჰექტარზე 500 კილოგრამი გამოვიდა”, - ამბობს მიხეილ ყანდაშვილი.

სიღნაღის რაიონის სოფელ მაღაროში მცხოვრები ვაჟა ნავროზაშვილის თქმით, ხორბალი კარგად ამოვიდა, მაგრამ აღარ გაიზარდა. მისი ინფორმაციით, 40-60% მთლიანად განადგურებულია.

”თავიდან ხორბლის მოსავალს კარგი პირი უჩანდა. მცენარე ამოვიდა, თუმცა, გვალვების გამო, ზრდაში ვეღარ წავიდა. ძალიან რთული მდგომარეობაა. ფაქტობრივად, მოსავლის 40-60% ”მკვდარია”, - ამბობს ვაჟა ნავროზაშვილი.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ქიზიყში 3 ათასი ჰექტარი ნახევრად გაუდაბუნოებული და მიტოვებულია. ამის მიზეზი, გლობალურ დათბობასთან ერთად, ქარსაცავი ზოლების გაჩეხვა და სარწყავი სისტემის მოშლაა. სპეციალისტების მოკვლევით, გაუდაბნოების ყველაზე დიდი საფრთხე ქიზიყსა და ქვემო ქართლშია.

”რამდენიმე წლის წინათ, გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად, დედოფლისწყაროს რაიონში გაუდაბნოების პროცესებს ვსწავლობდით. 3 ათას ჰექტრამდე ტერიტორია ნახევრად გაუდაბნოებულია, წამოვიდა უდაბნოსთვის დამახასიათებელი მცენარეები. ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას ის, რომ ისედაც მცირემიწიან ქვეყანაში ტერიტორიები უდაბნოდ გადაიქცეს.

ბუნებრივია, გამოსავალი არსებობს. სასწრაფოდ უნდა მოხდეს სარწყავი სისტემების აღდგენა. თუ ეს ტერიტორია მოირწყვება, გაუდაბნოების პროცესიც შეჩერდება. კომუნისტურ პერიოდში ამ საკითხს დიდ ყურადღებას აქცევდნენ.

უკვე 20 წელია ნიადაგის გაკეთილშობილება აღარ მომხდარა. პრობლემას კერძო პირები ვერ გადაწყვეტენ, ამ საკითხზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს. ვიმეორებ, აუცილებელია გამლაშებული ნიადაგის გაკეთილშობილება”, - ამბობს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი.

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მიერ განხორციელებული კვლევის თანახმად, კლიმატური ცვლილებების შედეგად დედოფლისწყაროში ოდესღაც ნაყოფიერი მიწა უდაბურდება, თუმცა ეს არ არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ადგილობრივი ფერმერების ნაწილმა მიწების დამუშავება შეწყვიტა.

კვლევის მიხედვით, 2020-50 წლებში ჰაერის საშუალო მრავალწლიური ტემპერატურა 2,5-3 გრადუსით მოიმატებს (ტემპერატურა უკვე გაზრდილია 0,6 გრადუსით), რის გამოც მოსალოდნელია სახნავ-სათესი მიწების, ბაღ-ბოსტნების, ვენახებისა და საძოვრების პროდუქტიულობის საგრძნობლად შემცირება. მკვლევარების თქმით, გაუდაბნეობის პროცესი გაძლიერდება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დიდ ნაწილზე. ვითარებას ისიც ამძიმებს, რომ რაიონში არ არსებობს სარწყავი არხები. ასევე, გაჩეხილია ქარსაფარი ზოლები, რის გამოც ქარი ნიადაგის ზედა ფენას (სადაც მარცვალია) ადვილად ანადგურებს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ქარსაფარი ზოლებისა და სარწყავი სისტემის აღდგენა, რაც პრობლემის მნიშვნელოვნად შემცირების პირობად მიიჩნევა, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ძალებით ვერ მოხდება, ვინაიდან ღონისძიებების გატარებას სერიოზული თანხა სჭირდება.

პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი ”ბიზნეს-რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ კომიტეტი მუშაობს სპეციალური კანონპროექტის შემუშავებაზე, რომელიც ითვალისწინებს ქარსაცავი ზოლების აღდგენას. ამასთანავე, არსებობს პროექტი, რომლის ფარგლებშიც სამთავისთან და ფიროსმანთან 2 ათასი ჰექტარი ფართობის გასარწყავიანება მოხდება. აგულაშვილი აღნიშნავს, რომ გაუდაბნოება არის მსოფლიო გლობალური პრობლემა, თუმცა ქიზიყს ეს პრობლემა სერიოზულად არ შეეხება, ვინაიდან საერთაშორისო კვლევების მიხედვით, ეს ტერიტორია წითელ ზოლში არ არის მოხვედრილი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ხორბლის ყველაზე დიდი მოსავალი კახეთში მოდის. შესაბამისად, ამ რეგიონში ხორბლის ნათესების განადგურება უარყოფითად აისახება მთლიანად მოსავლიანობის მაჩვენებელზე.

თუმცა, სპეციალისტების პროგნოზით საქართველოში დაბალი მოსავლის მიღების შემთხვევაშიც კი ხორბლისა და ფქვილის დეფიციტი არ შეიქმნება, ვინაიდან ხორბლის იმპორტიორ ქვეყნებში - რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი საკმაოდ კარგი მოსავალია. შესაბამისად, საერთაშორისო ბირჟებზე ხორბალი გაიაფებულია.

ბოლო მონაცემებით, ჩიკაგოს ბირჟაზე 1 ბუშელი (25 კგ) ხორბლის ღირებულება 5.78 დოლარია. ფოთის პორტში კი ტონა ხორბალი 280 დოლარი ღირს, რაც საკმაოდ დაბალი ფასია. რაც შეეხება ფქვილის ღირებულებას, 1 ტომარა ფქვილის ფასი დიდი ხანია 40 ლარს ჩამოცდა და თითქმის ერთი წელია 35-36 ლარი ღირს. სპეციალისტების გათვლებით, ამ მდგომარეობაშიც კი პურის არათუ გაძვირება, არამედ გაიაფებაა მოსალოდნელი.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”